აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს, სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ, -ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს:
” N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო. მომხდარის დეტალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს.
საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაატარებს უმკაცრეს დისციპლინურ ღონისძიებებს.”-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მუხიანში მდებარე 153-ე ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება მშობელის პრეტენზიას, რომელიც აღნიშნული ბაღის ერთ-ერთ აღმზრდელს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს.
როგორც „მეტრონომს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღის ადმინისტრაცია სააგენტოშია დაბარებული და თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, ზომები იქნება უმკაცრესი.
„ჩვენ დილით გავიგეთ ამ ამბის შესახებ. ბაღში მონიტორინგის სამსახურია მისული. გარდა ამისა, ჩვენი ხელმძრვანელობა ბაღის ადმინისტრაციას ხვდება. მშობელიც დაბარებულია. თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს, უმკაცრესი ზომბი იქნება მიღებული“- განუცხადეს „მეტრონომს“ სააგენტოში.
აღნიშნულ ფაქტს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, სადაც „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.