ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი” – შს მინისტრი

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, შსს და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს.

“ვწუხვარ, რომ თემის სენსიტიურობიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერ ვახერხებ და არ შემიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე ვერაფერს მოგახსენებთ გარდა იმისა, რაც შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა. ერთი მინდა გითხრათ, რომ შსს და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ჩვენ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ასე საჯაროდ ეს თემა ვერ იქნება განხილული”,- განუცხადა ჟურნალისტებს მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი ცერცვაძეზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. ცერცვაძე – საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა – 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა კიევის აეროპორტში, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მხარემ უკრაინის პროკურატურას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია კიევში დაკავებული გიორგი ცერცვაძის შესახებ და განუმარტა, რომ რუსეთის მხარისათვის მისი გადაცემა არ არის მიზანშეწონილი:
“საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ”, – წერს პროკურატურა.

იტვირთბა....