ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

” ვფიქრობ მზადდება გაცილებით საშიში რამ…”

 

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში ”არჩევანი” ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე  იმედი გამოთქვა, რომ სააპელაციო სასამართლო მას გაათავისუფლებს:

„მე ვფიქრობ, რომ ბოლო სამი დღე დათო ლორთქიფანიძე იყო უკრაინის გენერალურ პროკურორთან კონტაქტში და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება პოზიტიურად. დღეს მივმართე პოროშენკოს კატეგორიული მოთხოვნით. ვფიქრობ, რომ მზადდება გაცილებით საშიში რამ.  2008 წლის ომის ამბავს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო იძიებს.  სანამ სიმართლეს დაადგენენ სასამართლოში, თავად მხარეები იძიებენ.  საქართველოს უნდა გამოეძიებინა 2008 წლის ომი, მოვიდა წულუკიანი, ხელოვნურად შეწყვიტა გამოძიების პროცესი და მთლიანად სასამართლოს გადააბარა, წულუკიანი ყველგან აფიქსირებდა, რომ ქართული მხარე უნდა იქნას დამნაშავედ მიჩნეული.  ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ივანიშვილის დავალებაა, ივანიშვილს კი ეს კრემლმა დაავალა. ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა საქართველოს არაკეთილმოსურნის მხრიდან, ყველა ჟესტი გაკეთებულია. წულუკიანი მხოლოდ იმიტომ არის დღეს თანამდებობაზე, რომ იქნებ გამოვიდეს ისე, რომ საქართველო დადანაშაულდეს 2008 წლის ომში. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გია ცერცვაძეს გაათავისუფლებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის პროკურორზე დაყრდნობით გაავრცელა, ცერცვაძეს უკრაინული სასამართლო სააპელაციო წესით გაათავისუფლებს.

გიორგი ცერცვაძეზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. ცერცვაძე – საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა – 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა კიევის აეროპორტში, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მხარემ უკრაინის პროკურატურას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია კიევში დაკავებული გიორგი ცერცვაძის შესახებ და განუმარტა, რომ რუსეთის მხარისათვის მისი გადაცემა არ არის მიზანშეწონილი:
“საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ”, – წერს პროკურატურა.

გივი თარგამაძის განცხადებით, უკრაინელი პროკურორისგან აქვს ინფორმაცია, რომ ცერცვაძეს სააპელაციო წესით გაათავისუფლებენ.

იტვირთბა....