ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში ”არჩევანი” ოფიცერი გიორგი ცერცვაძის საქმეზე ისაუბრა. მასზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილს ათვალწუნებული ჰყავს ის მებრძოლები, ვინც უკრაინაში იბრძვიან:
”ბევრ მათგანზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ბევრი მათგანი ვერ ბრუნდება საქართველოში. პირდაპირ დაჭერას ვერ ბედავენ, რუსებს აძლევენ მასალებს, მერე მათ უშვებენ უკრაინაში, იქნება უკრაინამ დაიჭიროს, იქნებ ლიტვამ დაიჭიროს ან იქნებ რომელიმე საერთაშირო ორგანომ”, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, რომ უკრაინის მხრიდანაც რუსეთისთვის გია ცერცვაძის გადაცემის საკითხის დაყენება არასწორია:
”რა თქმა უნდა არასწორია და მე ამისთვის ვაკრიტიკებ უკრაინის ხელმძღვანელობასაც. ეს ეწინააღმდეგება უკრაინელების განწყობას, უკრაინის კანონებს და უკრაინის დიდ ისტორიულ ტრადიციას.
ის, რომ უკრაინა ამ თამაშში არ უნდა თამაშობდეს, ამას ყველა ეთანხმება. მე იმედი მაქვს, რომ ზეგინდელ სასამართლო პროცესზე ცერცვაძეს გაუშვებენ. ამ კონკრეტულ გმირს გაუშვებენ, მაგრამ ჩვენი მთავარი საკითხები არ გადაწყდება. საქართველოს გმირია რომან შამათავა, რა უნდა რომან შამათავას ციხეში?! ასეთი ადამიანის ციხეში ჩასმა მოგონილი ბრალდებით, ნათელი მაგალითია, რა რეჟიმი მართავს საქართველოს. იმასთან შედარებით, რომ მე ოთხი კოსტიუმის გამო არ მიშვებენ საქართველოში, ეგ არაფერი არ არის, მე გადავიტან ამას, მაგრამ როდესაც გმირებს ციხეში სვამენ, სიკვდილისთვის სწირავენ, როდესაც ქვეყნის იმიჯს ტალახში ათრევენ, ამას აკეთებს შეგნებულად რუსი ოლიგარქი და თუ რამეზე უნდა ამოვიღოთ ხმა, ეს არის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის პროკურორზე დაყრდნობით გაავრცელა, ცერცვაძეს უკრაინული სასამართლო სააპელაციო წესით გაათავისუფლებს.