ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

„მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ“

ჯანდაცვის მინისტრმა დავით დერგეენკომ დღეს განმარტება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა. ის გარკვეული პირების ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს.

„მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება და პაციენტს აქვს მწვავე ფსიქოზი, ასეთ შემთხვევაში ის აბსოლუტურ უმრავლესობაში საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. კლინიკები, ჩვენმა მონიტორებმა ეს უტყუარად დაადგინა, რომ არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე. ის ამ ერთი თვის განმავლობაში, განმეორებით, ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, იმისათვის, რომ ამ კლინიკებს გამოეწერათ ზედმეტი თანხა და ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების წესის ცვლილებამ, საქართველოში კერძო კლინიკების ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა ან კერძო მომსახურებაზე გადასვლა გამოიწვია.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ფსიქიური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით შესრულებული სამუშაოს დაფინანსების წესში შეტანილია ცვლილებები. ცვლილების მიხედვით გათვალისწინებულია პროგრამული სახსრების ეფექტიანობის ზრდა, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მდგომარეობების მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ღუდუშაურის კლინიკამაც და განმარტა, რომ დაფინანსების ახალი წესი კლინიკას ფინანსურად აზარალებდა. ამიტომ წყვეტდა სახელწმიფო მომსახურების გაგრძელებას და სამომავლოდ, სავარაუდოდ, მსურველებს კერძო მომსახურებას შესთავაზებდა.

“სამწუხაროდ, ასეთი მოცულობის ფსიქიატრიული სტაციონარული ქვედანაყოფის მოწყობა ამ ეტაპზე ღუდუშაურის ცენტრში შეუძლებელია. ერთის მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის სახსრები ვერ იქნება მიმართული ცალკეული კლინიკის ინტერესის მიხედვით; მეორეს მხრივ, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფსიქიატრიული დახმარების სტაციონარულ ქსელში არსებობს საკმარისი სიმძლავრე პაციენტებისათვის საჭირო მკურნალობის შეუფერხებელი ჩატარებისათვის და პაციენტებს არ შეექმნებათ სერვისის მიღების პრობლემა. ღუდუშაურის ცენტრი 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული დახმარების კომპონენტით განსაზღვრულ მომსახურებას აღარ მიაწვდის. ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული განყოფილების ბაზაზე სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩენილი სერვისების მიწოდებისათვის საჭირო სიმძლავრეები”, – აღნიშნულია ღუდუშაურის კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამან ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.

 

სპეციალისტები ავრცელებენ მანიფესტს “დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!” და მიმართავენ პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს.

იტვირთბა....