პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აგრამუნტიმ გუშინ, ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გიგი უგულავასა და უკრაინელი ნადია სავჩენკოს პატიმრობიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა:
”ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ბატონმა აგრამუნტმა, ისევე როგორც მთლიანად საპარლამენტო ასამბლეამ, იცოდეს ძალიან კარგად, რომ საქართველოში ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ არა სხვადასხვა პოლიტიკური პირების მოწოდების შედეგად და შემდეგ, არამედ იღებს მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამის პროცედურებს გაივლის და შესაბამის გადაწყვეტილებამდე მივა ჩაურევლად. ეს არის ის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და დემოკრატიის და მართლმსაჯულების ის ხარისხი, რომელიც ამ ქვეყანას ეკუთვნის და რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენები ისეთ სტრუქტურებში, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემები, რომ შეიძლება რომელიმე უცხოელი თუ ქართველი პირის ზეწოლის შედეგად მიიღებოდეს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ასეთი რამ ჩვენ ქვეყანაში არ ხდება და არ მოხდება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს კარგად ავუხსნათ ჩვენს აქაურ მეგობრებს. როგორც ჩანს, ინფორმაციის ნაკლებობაა, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ სათანადო წარმოდგენა ქვეყანაში ინსტიტუციების მდგომარეობის თაობაზე და ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ისე როგორც საჭიროა და ადეკვატური აღქმა ჰქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამისთვის ვართ აქ. დღეს იმართება შეხვედრა, ჩემი პირადი შეხვედრა აგრამუნტთან, ასევე სხვა თანამდებობის პირებთან და მე ნამდვილად მექნება შესაძლებლობა უფრო კარგად გავარკვიო ეს ადამიანი იმაში, თუ როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულების სისტემა, რა დანაშაულების გამო იხდიდა სასჯელს გიგი უგულავა – საკმაოდ მძიმე დანაშაულების გამო და როგორ ხდება პირების გათავისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის განცხადებით, უგულავას გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის:
“როდესაც (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის) პრეზიდენტი გავხდი, ვითხოვდი ნადია სავჩენკოსა და გიორგი უგულავას გათავისუფლებას, ასევე, ველაპარაკებოდი აზერბაიჯანის ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე. ამ ნაბიჯებმა, რაშიც მარტო არ ვყოფილვარ, შედეგი გამოიღო. რუსეთსა და საქართველოში ქალბატონი სავჩენკო და ბატონი უგულავა, აზერბაიჯანში კი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა და ჟურნალისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაათავისუფლეს. ამას მივესალმები”, – განაცხადა პედრო აგრამუნტმა.