ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

მავნეა თუ არა ელექტრო სიგარეტი: სპეციალიტები გვირჩევენ, როგორ გადავაგდოთ სიგარეტი

2015 წელს სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობების ჯგუფში ფილტვის ქრონიკულ ოსტრუქციულ ავადმყოფობებზე 70,1% მოდიოდა. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იტყობინება. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობის ძირითად მიზეზს კი თამბაქოს კვამლი (პასიური მოხმარების ჩათვლით) წარმოადგენს.

შესაძლოა, ამ ინფორმაციას ფლობთ ან იცით, რომ მოწევა კლავს და გსურთ, რომ თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებოთ, თუმცა მოთხოვნილება და ჩვევა ამის საშუალებას არ გაძლევთ.

თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებებაში, შესაძლოა, თერაპევტისა და ალერგოლოგის რჩევები დაგეხმაროთ და უფრო ღრმად დაგარწმუნოთ იმაში, რომ მოწევა ავადმყოფობის რისკს ზრდის.

უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი

ალერგოლოგ ქეთევან ომიაძის თქმით, თამბაქო ავადობისა და სიკვდილობის წამყვანი გამომწვევია, როგორც აქტიური, ისე პასიური მოხმარების შემთხვევებში. მისი განმარტებით, როგორც აქტიური, ისე პასიური მოხმარება, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, ნაადრევი სიკვდილის 600 000-ზე მეტ შემთხვევას იწვევს.

“თამბაქო მავნებელია ზოგადად, ჯანმრთელობისთვის, არამხოლოდ სასუნთქი სისტემისთვის. ის 7 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა შორისაც, დადასტურებულია, რომ სულ ცოტა 250 მავნებელია, ხოლო სულ ცოტა 69 კიბოს იწვევს. არსებობს მოსაზრება, რომ კუპრის დაბალი შემცველობით, ნაკლებ ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს, მაგრამ ეს ასე არ არის. არ არსებობს უსაფრთხო სიგარეტი, თამბაქო თავის საზიანო მოქმედებას ყველა შემთხვევაში ავრცელებს. იგივე ეხება მცირე რაოდენობით, თუნდაც დღეში სამი ღერის ოდენობით თამბაქოს მოხმარებას. ის სამი ღერიც, შესაძლოა, გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მიზეზი გახდეს,” – განმარტავს მედიკოსი.

რა შედეგები მოაქვს არასრულწლოვნების მიერ თამბაქოს მოხმარებას

ქეთევან ომიაძის თქმით, თამბაქოს მავნებლობის გამოვლენა, მოხმარებისას, გრძელვადიან პერსპექტივაში არ ხდება და ჯანმრთელობის პრობლემებს მხოლოდ მოხუცების შემთხვევაში არ ქმნის, – “თუ კარგად დავაკვირდებით, ახალგაზრდებში არის პრობლემები, რომელიც უკავშირდება თამბაქოს – ხველა, ქოშინი, ადვილად დაღლა, კანის ნაადრევი დაბერება, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა…”- აღნიშნავს ის.

იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ, თერაპევტ სოფო ჩხეიძის თქმით, თამბაქოსთვის თავის დანებების ძლიერი სურვილია საჭირო და შემდეგ იმ გარემოებების თავიდან აცილება, რომელიც ხელს თამბაქოს მოხმარების დაწყებას უწყობს.

მისი თქმით, თუ მოწევისთვის თავის დანებება გვსურს, ამისთვის, პირად ექიმს უნდა მივაკითხოთ და მისგან რეკომენდაციები მივიღოთ. რაც შეეხება რჩევებს, – “კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური აქტივობა, სპორტით დაკავება, იქნება ეს ტრენაჟორები, აერობიკა თუ ცურვა. ასევე შედეგიანია სუნთქვითი ვარჯიშები. როდესაც თამბაქოს სურვილის მოძალების პერიოდი დადგება და კვლავ მოწევა მოგინდებათ, ამ შემთხვევაში საჭიროა ტრენინგებზე მისვლა, რათა სპეციალური ვარჯიშები ჩაიტაროთ, რომელიც დიდ დახმარებას გაგიწევთ და იმ მომენტში კონცენტრირებაში დაგეხმარებათ,”- გვირჩევს თერაპევტი.

სოფო ჩხეიძე ასევე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, არამწეველ გარემოში ვიტრიალოთ, სადაც თამბაქოს ნაკლებად მოიხმარენ.

მოწევისთვის თავის დანებების საშუალებად კი, მედიკოსი ელექტროსიგარეტს არ მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, ის ისეთივე საზიანოა, როგორც თამბაქოს მოხმარება, – “ელექტროსიგარეტს უფრო ძლიერი მავნებლობა აქვს, რადგან მასში უფრო მეტი მავნებელი ნივთიერებაა აღმოჩენილი, ვიდრე თამბაქოში. თამბაქოსთვის თავის დანებებისთვის განკუთვნილი აბების რეალიზება ჩვენს ქვეყანაში ხდება, თუმცა ეს აბები, სახელად “ტაბექსი,” საქართველოში აქტიურად მოხმარებადი არ არის. თუ ერთმანეთს შევადარებთ თამბაქოს მოხმარებას, ელექტროსიგარეტის გამოყენებას თუ საღეჭი აბების გამოყენებას, შედარებით უკეთესი საღეჭი აბებია,” – განმარტავს ის.

უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი

საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა, თუ კონკრეტულად რამდენი ადამიანი იღუპება მოწევისგან ყოველწლიურად, თუმცა, მხოლოდ აშშ-ის მაგალითს რომ შევხედოთ, სურათი ნათლად წარმოგვიდგება. “აშშ-ის ფილტვის კიბოსთან ბრძოლის ასოციაციის” ინფორმაციით, ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 480 000 ადამიანი კვდება.

მოწევა კლავს, მოწევა იწვევს ნაადრევ დაბერებას.

მარიამ მენაბდიშვილი

www.allnews.ge

იტვირთბა....