ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ადევნება“: ახალი დასჯადი ცნება „სისხლის სამართლის კოდექსში“

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს ეხება.  მათ შორისაა, ახალი ცნება „სისხლის სამართლის კოდექსში“ – „ადევნება“, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება.

ცვლილებების თანახმად, „ადევნება“ განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.

საკანონმდებლო ინიციატივა გაერთიანება “საფარს” ეკუთვნის, სწორედ მან მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გადასცა. “საფარის” მიერ მომზადებულ კანონპროექტში გამოყენებული ტერმინი – “გადაკიდება” იუსტიციის სამინისტრომ “უკანონო თვალთვალითა” და “ადევნებით” შეცვალა.

გადაკიდება, იგივე სტალკინგი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია, თუმცა საქართველოსთვის ახალია.

“საფარის” მიერ მომზადებულ ინიციატივაში “გადაკიდების მუხლი” შემდეგნაირადაა განმარტებული – არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროვება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო, ელექტორნული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი.

„საფარის“ იურისტის, ბაუა პატარაიას თქმით, მუხლი, რომელიც მომზადდა, სხვა ქვეყნების ზუსტი ანალოგი არ არის, თუმცა ორგანიზაციამ 20-ზე მეტი სახელმწიფოს კანონმდებლობა შეისწავლა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების. ბაია პატარაიას თქმით, საქართველოსთვის შექმნილი საკანონმდებლო ინიციატივა უფრო კონკრეტულია.

“ჩვენთან მაკვალიფიცირებელი გარემოებები არის უფრო კონკრეტული. გარდა იმისა, რომ ქმედებას უნდა ჰქონდეს ადგილი, ის უნდა იწვევდეს რამდენიმე შედეგს. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ადვილად დაკვალიფიცირებადი იყოს დანაშაული და ყველაფერს არ ერგებოდეს. უკანონო თვალთვალი ან ადევნება მსხვერპლში უნდა იწვევდეს ფსიქოლოგიურ სტრესს, ძალდობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას. თუ სამივე კომპონენტი არაა სახეზე, მაშინ მუხლის დარღვევაც არაა სახეზე”,- ამბობს ის.

იტვირთბა....