ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრიული კლინიკების სერვისების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
”გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში აძლევდა მანიპულირების საშულებას. გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა თვის განმავლობაში. ეს კლინიკებს აძლევდა საშუალებას, არასრული მკურნალობით მოეპოვებინა ფინანსები.
ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება.
ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი – პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილელები პირველ რიგში მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები აქციით ფსიქიატრიული სერვისების დახურვას აპროტესტებდნენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა „მეტრონომის“ კორესპონდნეტს განუცხადეს, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არ ზრუნავს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების წესის ცვლილებამ, საქართველოში კერძო კლინიკების ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა ან კერძო მომსახურებაზე გადასვლა გამოიწვია.
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ფსიქიური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით შესრულებული სამუშაოს დაფინანსების წესში შეტანილია ცვლილებები. ცვლილების მიხედვით გათვალისწინებულია პროგრამული სახსრების ეფექტიანობის ზრდა, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მდგომარეობების მიმართულებით.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ღუდუშაურის კლინიკამაც და განმარტა, რომ დაფინანსების ახალი წესი კლინიკას ფინანსურად აზარალებდა. ამიტომ წყვეტდა სახელწმიფო მომსახურების გაგრძელებას და სამომავლოდ, სავარაუდოდ, მსურველებს კერძო მომსახურებას შესთავაზებდა.
“სამწუხაროდ, ასეთი მოცულობის ფსიქიატრიული სტაციონარული ქვედანაყოფის მოწყობა ამ ეტაპზე ღუდუშაურის ცენტრში შეუძლებელია. ერთის მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის სახსრები ვერ იქნება მიმართული ცალკეული კლინიკის ინტერესის მიხედვით; მეორეს მხრივ, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფსიქიატრიული დახმარების სტაციონარულ ქსელში არსებობს საკმარისი სიმძლავრე პაციენტებისათვის საჭირო მკურნალობის შეუფერხებელი ჩატარებისათვის და პაციენტებს არ შეექმნებათ სერვისის მიღების პრობლემა. ღუდუშაურის ცენტრი 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული დახმარების კომპონენტით განსაზღვრულ მომსახურებას აღარ მიაწვდის. ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული განყოფილების ბაზაზე სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩენილი სერვისების მიწოდებისათვის საჭირო სიმძლავრეები”, – აღნიშნულია ღუდუშაურის კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამან ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.
სპეციალისტები ავრცელებენ მანიფესტს “დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!” და მიმართავენ პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს.