ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ციხეში რომ ჩავსვა, მე რა ხეირი?!”: მანდატურზე არასრულწოვანის დაოჯახებას მშობლები ეთანხმებიან

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სკოლის 40 წლის მანდატურის მიერ არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო, არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი, იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი, მათ შვილს ცოლად მოიყვანს, საჩივრის შეტანას არ აპირებს. ამის შესახებ გოგონას დედამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა:
„მე მინდა მშვიდობა და ის, რომ ნორმალურად მოგვარდეს ეს სიტუაცია. ბიჭი ამბობს, მოვკიდებ გოგოს ხელს და წავიყვან ცოლადო, ბავშვსაც მივხედავ, რომ გაჩნდებაო. აბა რა ქნას, მისი შვილია! თუ უარს იტყვის და ცოლად არ წაიყვანს, მერე უკვე სხვანაირად მივხედავ მაგ საქმეს. მე არ მინდა ჩხუბი და აყალმაყალი. მინდა, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი. რაც მოხდა, მოხდა.

მე არაფერი ვიცოდი. 15 წლის არის ბავშვი. ეს კაცი აქვე ცხოვრობს მეზობლად და ჩავაბარე- სკოლაში რომ მიდიოდა მანქანით, გააყოლებდა ხოლმე. ვიფიქრე, უფროსი კაცია და როგორც საკუთარ შვილს, ისე მიაქცევს ყურადღებას-თქო. რა ვიცოდი, ასეთ რამეს თუ უზამდა. სექტემბრიდან ყოფილა ეს ამბავი. იმის წინა წელს არაფერი.

გაფუჭებული საქმეა და აბა, სხვაგვარად რაფერ იქნება. მაგას რა შველის სხვა. ციხეში რომ ჩავსვა, მე რა ხეირი ამით! ბავშვს ხომ უნდა მიხედვა?! პატარამ, ჯერ რომც არ დაბადებულა, რა დააშავა, ხომ სჭირდება მამა და ყურადღება,“- აცხადებს არასრულწლოვანის დედა ნინო კ.

მისი თქმით, შვილისგან იცის, რომ  ძალადობა არ ყოფილა, ორსულობაზე კი ექიმისგან გაიგო, რომელთანაც მისი შვილი გასასინჯად მივიდა:

„მაგაზე თავის დროზე უნდა ეფიქრა. ასე თქვა, არანაირი ძალადობა არ ყოფილაო. სულ არ მიხარია რომ მაგას უნდა მივათხოვო. მაგრამ რა ვქნა, იმ პატარა ბავშვს ხომ უნდა პატრონი. დამღუპეს და დამაქციეს, მაგრამ ხელი არ დამიკარებია. ფეხმძიმე ბავშვი რომ გამელახა, აქეთ დამაჯენდნენ ციხეში“- აცხადებს ნინო კ.

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სკოლის 40 წლის მანდატურის მიერ არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.

წყარო: “პრაიმტაიმი”

იტვირთბა....