გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტი მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს. თუმცა
ამ ეტაპზე უცნობია, დაასახელებს თუ არა დღეს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.
საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ კობახიძე ამ თანამდებობაზე არ უნდა განიხილდებოდეს:
“მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა:
”მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება იქიდან მოყოლებული, როდესაც მანანა კობახიძემ თავის კოლეგებთან ერთად მიიტანა იერიში საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ და მოახდინა სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზება. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილის და ეს დაკვეთა შეასრულა მანანა კობახიძემ. მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს მოსამართლე. არ შეიძლება მოსამართლე იყოს ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს შტურმით აღებაში. გახსოვთ, შარშან კანონპროექტი რომ მიიღეს სპეციალურად იმისთვის, რომ ჩიხში შეეყვანათ სასამართლოს მუშაობა, რომ ვერ განეხილა ”რუსთავი 2”-ის, უგულავას, ე.წ. კაბელების საქმეები და ამ იერიშის ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტი იყო სწორედ მანანა კობახიძე”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.