საკონსტიტუციო კომისიის პირველი თემატური ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა მედიისთვის ღია იყო სხდომის მისასალმებელი ნაწილი, სადაც შეკრებილებს ირაკლი კობახიძემ მიმართა. კომისიის წევრებმა უკვე წარადგინეს მოსაზრებები, რაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია. პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს მუშაობის პრინციპი გააცნო.
„ჩვენ რომ დავაჯამოთ მოსაზრებები, რომლებიც მივიღეთ კომისიის წევრებისგან, შეიძლება, მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ, რაც არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია. სასურველია, მაქსიმალურად ლაკონიური იყოს კონსტიტუციის ტექსტი, თუმცა სადაც საჭიროა ტექსტის განვრცობა, სტანდარტების აწევა და ა.შ. ბუნებრივია, ღია უნდა ვიყოთ ასეთი მსჯელობისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.