ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი ლაგოდეხიდან დაკავებულია

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი, რომელიც ეჭვმიტანილია, რომ ლაგოდეხში მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, დაკავებულია. უწყების განცხადებითვე, დანაშაულში ეჭვმიტანილი ლაშა წიქარიშვილია, რომელსაც შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ, ლაგოდეხში ერთ-ერთ რესტორანში პოლიციელმა მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, მოქალაქის მხრიდან პოლიციელის მეუღლისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა.

დაჭრილი მოქალაქე გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მიყენებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.

გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....