რუსი სამხედრო ექსპერტის, ევგენი დამანცევის ინფორმაციით, რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე, “ნებო-M”-ს ტიპის რადიოლოკაციური კომპლექსები განათავსა.
ინფორმაციას ამის შესახებ ასევე ადგილობრივი მედიაც ავრცელებს. რუსი ექსპერტების თქმით, ეს ულტრათანამედროვე რადიოლოკაციური კომპლექსი რუს სამხედროებს თურქეთის, ერაყის, ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს.
ევგენი დამანცევის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა იმ საფრთხეების გათვალისწინებით მიიღო, რომელიც მას ამიერკავკასიის რეგიონში ემუქრება და მას საჭიროებისამებრ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენებს.
“ამ მიმართულებით შეინიშნება თურქეთში დისლოცირებული ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური და სტრატეგიული სადაზვერვო ავიაციის მაღალი აქტივობა. ასევე გახშირდა თურქული არმიის წვრთნები ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისიტიკური “ილდირიმის” კლასის რაკეტების გამოყენებით.
გარდა ამისა, საქართველოს მხრიდანაც სულ უფრო მზარდია საშიშროება, რაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს გაერთიანებული დანაყოფის მსხვილი კონტინგენტის განთავსების გეგმებს უკავშირდება, სადაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც იქნება”, – აღნიშნავს ევგენი დამანცევი.