მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აბრეშუმის გზის პანელზე სიტყვით უკვე მეორედ გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტზე და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზა ქვეყნებს ეკონომიკურად უფრო აახლოებს. მან, ასევე, ისაუბრა ხელისუფლების 4-პუნქტიან გეგმაზე და იმაზე, თუ როგორ ხორციელდება მთავრობის ეს ინიციატივები.
„ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად, რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გამართავს, ასევე შეხვდება ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან. დღის ბოლოს კი პრემიერს პირისპირ შეხვედრა ექნება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან. წლევანდელ ფორუმში მონაწილეობას 3 ათასამდე დელეგატი იღებს.