თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება შესაძლო რიტუალურ მკვლელობას, რომელიც ოქტომბერში მოხდა. ეს არის ერთადერთი საქმე, სადაც შესაძლოა კანიბალიზმიც იკვეთებოდეს. სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება ერთ-ერთმა მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეგობრის, ირმა ყოჩიაშვილის დედა მან თავად გაგუდა და შეჭამა სხეულის ერთ-ერთი ორგანო.
„ვალდებულად ვთვლი ჩემ თავს, აღვნიშნო, რომ ვარ ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი განახორციელა თავისი ორი ხელით, მესამე ხელის გარეშე. მარიამი, იგივე ირმა ყოჩიაშვილი, ამას დამოუკიდებლად არც მოიფიქრებდა. მარიამი იმყოფებოდა ჩემი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. ის დღემდე ვერ ხვდება ამას. ჩემ მიერ მარიამისთვის 13 000 დოლარის გამოძალვის ფაქტიც მინდა აღვნიშნო. მარიამი არ მისულა დამოუკიდებლად იმ აზრამდე რომ დედამისი მოეკლა. ეს ჩემი ახირება იყო. მე ადრეული ასაკიდანვე კოლოსალური კონტრასტისკენ მივილტვი, ასეთი ადამიანი ვარ. ეს არის ქმედება, რომელიც მე განვახორციელე ჩემი ინიციატივით. უბრალოდ ძალიან ვთხოვ ბრალდების მხარეს, რომ სწორედ შეაფასონ მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ადვილია მისით მანიპულაცია. მარიამის დედის გულს მისი თანდასწრებით შევექეცი. მარიამი იმ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ამ ყველაფერს ჰარმონიულად და ესთეტიზმის ნიშნით განიხილავდა. ჩემ გაცნობამდე მას არ ჰქონდა არც ერთი ტატუ. მე შევქმენი ადამიანი, ადამიანის ფიტული შევქმენი. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაცია. ადამიანი მივიყვანე უკიდურესობამდე. მე გამოვიყენე მისი ყველა შეხედულება, იდეალი, ინტერესი, რათა მასზე განმეხორციელებინა ფსიქოლოგოური ტერორი. მე ვცადე ადამიანის შექმნა. მე შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ირმა ყოჩიაშვილს ჩემი მსხვერპლი ეწოდოს, ასევე – ნ. ჩ.-ს. ჩემ გარეშე არასდროს გადადგამდნენ ამ ნაბიჯს. არ არსებობს არავითარი საფრთხე მისგან, რომ მამას მოკლავს. ამიტომაც სამართლიანად და საერთაშორისო სტანდარტის ქმედებად ჩავთვლი, თუ მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა იქნება გამოკვლეული. ვთვლი, რომ ძირითადი მოტივატორი და წამყვანი ადამიანი მე ვარ. ჩემი უშუალო მითითების გარეშე გამოძიებას არ ექნებოდა მტკიცებულებები, რომლითაც ახლა თავს იწონებს. ჩემი ღირსება ის დანაშაულია, რომელიც მე შევქმენი. მანქანაშივე დავიწყე ამაზე საუბარი. შენობაში, თავიდანვე მოვყევი ყველაფერი. ბრალს გავეცანი და იქ ჩემი გაკვირვებაც კი მოახერხეს. აღნიშნული იყო, რომ ირმა ყოჩიაშვილმა დიდი სიამოვნებით დააჭრა თითები დედამისს. ეს იყო სრული აბსურდი. აქ არის საერთაშორისო ექსპერტი საჭირო, რომ მარიამის (ირმას) ფსიქიკური დეფექტი გამოავლინოს. ადვილად შეიძლება მისგან „გამოქანდაკება“.
მარიამის დედა მე დავახრჩე. ცოცხალი ადამიანის წამება არ მომხდარა. შემდეგ მოხდა მისი დანაწევრება. მე არ შთამიგონებია მკვლელობა, არ მითქვამს – მოკალი. ეს მე უნდა განმეხორციელებინა. სტრუქტურულად გავიაზრე ის გარემოება, რომ ლუბა ყოჩიაშვილის (დედა, რედ.) არყოფნა უკეთესი იქნებოდა ირმა ყოჩიაშვილისთვის. ეს იყო ლენინისტური პიროვნება, რომელიც ცდილობდა დაექვემდებარებინა შვილი. ეუბნებოდა რა უნდა ჩაეცვა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ასეთი სოციუმი იყო ჩემ გარშემო.
დღეს არ ვთვლი, რომ მარიამისთვის ეს მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ის, როცა მისი დედა იყო ცოცხალი. მიმდინარე მოვლენების ქარ-ცეცხლში ემოციური აფექტიც იყო, რომელიც ნაკლებად თუ მომიწოდებდა, რომ დავფიქრებულიყავი, რა მოყვებოდა ამ ნაბიჯს. ხატოვნად რომ ვთქვათ, კალამმა ავტორს უმტყუვნა” – განაცხადა ბექა შენგელიამ სასამართლო პროცესზე.
რაც შეეხება მოკლულის შვილს, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს, მისი განმარტებით მშობლები მას მკაცრად ექცეოდნენ. მისი თქმით, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 19 წლის ასაკში სიცოცხლე გაუმწარეს.
”მესმის რომ განსაკუთრებული სისასტიკის მკვლელობაა. ლუბა და ომარი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 19 წლის ასაკში სიცოცხლე გამიმწარეს. ვიცი, რომ საზოგადოება ამას ვერ იგებს. მე ამას სხვანაირად ვიყენებ. ყველანაირი ძალადობა იყო მათი მხრიდან ჩემზე. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ეს ყველაფერი. მე შემეძლო არ მივსულიყავი შემთხვევის ადგილას, მაგრამ მივედი და მიზეზი იყო – გამოცდილება. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ვნახე და ამ კადრებიდანაც მინდოდა მიმეღო გამოცდილება. თავიდან ძალიან დიდ სტრესში ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რასაც არ ველოდი. ჩემს თავში კიდევ ერთი ნიჭი აღმოვაჩინე. მე ვწერ წიგნს, რომელიც დიდ გადატრიალებას მოახდენს. ჩემგან არანაირი საფრთხე არ არსებობს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე გამწარდება და ადამიანს მოკლავს.
როცა დედა გეუბნება, შენ დედამიწაზე უნდა დადიოდე და ჩემი შვილი საფლავში უნდა იწვესო, ადამიანები ვართ, ყველაფერს ვიზამთ. ჩემი აზრით, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ 19 წლის განმავლობაში ბევრი ფიზიკური ზეწოლა იყო და დღემდე მაქვს სხეულზე შრამები. ტატუს რაც შეეხება, მე არ მიმიღია სარიტუალო პროცესში მონაწილეობა, ეს არ არის სატანისტური მნიშვნელობის მატარებელი ტატუ.
მათი სიძულვილი იმით იყო განპირობებული, რომ მათ მოუკვდათ შვილი, შემდეგ ამიყვანეს მე შვილად და მეუბნებოდნენ, რატომ არ ვიქცეოდი იმასსავით. ისინი მეუბნებოდნენ, რომ საფლავში მე უნდა ვწოლილიყავი და არა – მათი გარდაცვლილი შვილი“. – განაცხადა ყოჩიაშვილმა.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეცვლილიყო. თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულიდან ორის წინასასამართლო სხდომა დღეს დაიწყო.
ხუთი დაკავებულის საქმიდან არასრულწლოვნისა და ორი დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელთაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.
დაკავებულების არცერთი ადვოკატი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, მიდის თუ არა ძიება „კანიბალიზმის“ მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა” იყო.
გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.
ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი – შეჭამა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეუფარდა.
ნინი ცხადაია