„ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სისასტიკე“, – ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ის თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნობს:
”თავს ნაწილობრივ ვცნობ უდანაშაულოდ, ანუ სრულად არ ვეთანხმები ბრალდებას. ცოცხალი ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენების მიზნით არ მომხდარა მისი მოკვლა. დანაწევრება მოხდა გვამის პრაქტიკული გადაადგილების მიზნით. ანუ ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სისასტიკე. დიახ, არის სისასტიკე, როცა ადამიანს მოახრჩობ, მაგრამ არც ისეთი, როგორსაც ამბობენ“ – განაცხადა შენგელიამ.
მეორე ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი კი თავს დამნაშავედ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის წინასასამართლო სხდომა დღეს დაიწყო.
ხუთი დაკავებულის საქმიდან არასრულწლოვნისა და ორი დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელთაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.
დაკავებულების არცერთი ადვოკატი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, მიდის თუ არა ძიება „კანიბალიზმის“ მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა” იყო.
გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.
ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი – შეჭამა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეუფარდა.
ნინი ცხადაია