აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ექსპერტები „მეტრონომთან“: უკრაინული შეხვედრა და 2 ნაწილად დაყოფილ გუნდთა შანსები

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ორ ჯგუფად გაყოფის შემდეგ, სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვები, დარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილის პარტიას კვლავ წამყვან ოპოზიციური ფრთის სტატუსი და ექს-პრეზიდენტს რა სახის ბერკეტები დარჩა. პოლიტოლოგების და ანალიტიკოსების შეფასებით, სააკაშვილი მისი ამომრჩევლისთვის კვლავ საინტერესო ფიგურაა და ამის გარანტი, თავად სააკაშვილის პიროვნული რესურსია.

სააკაშვილი კი კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე პარტიის წევრებს შეხვდა. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრისას პარტიის საპარლამენტო საქმიანობაზე, 20 იანვრის ყრილობის მზადებასა და განახლებული პარტიის გეგმებზე ისაუბრეს.

15965042_1852419995004201_785229254536213388_n

„საუბარი იყო როგორც 20 იანვრის ყრილობის მზადებაზე, ასევე ნაციონალური მოძრაობის სამომავლო, განახლებულ გეგმებზე. რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით, რა რესურსებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ივანიშვილი არის სათავე და საფუძველი იმ ძალიან სერიოზული პრობლემების და  უბედურების, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის კრიმინალის კუთხით. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური ბრძოლა და ამაზე იყო საუბარი.  ეს ინფორმაცია საზოგადოებას ექნება და ყრილობა არის ამის მთავარი საფუძველი,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე „მეტრონომთან “ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკმაოდ მძიმე წონიანი პოლიტიკოსები წავიდნენ, მას პარტიის განვითარების სამომავლო რესურსი კვლავ აქვს და ეს თავად სააკაშვილია. საყვარელიძის აზრით, პარტიას მხარდამჭერები, სწორედაც რომ სააკაშვილის მომხრეები იყვნენ.

პოლიტოლოგის თქმით, ექს-პრეზიდენტის მთავარი ბერკეტები, მისი ქარიზმა და ექსცენტრიულობაა. ამიტომაც, საყვარელიძე ფიქრობს, რომ მისთვის გუნდის წასვლა მოულოდნელი დარტყმა არ ყოფილა და გაყოფის შემდეგ პარტიის ელექტორატის დიდი ნაწილი მას დარჩა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ ხშირად ისმის კითხვები, ამომრჩევლის რაოდენობა რომელ ჯგუფზე როგორ გადანაწილდება. თუმცა, მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკამოდ დიდი ელექტორატი ჰყავს, რომელიც მხარს არა პარტიას არამედ თავად სააკაშვილს უჭერს. ეს არის ამომრჩევლის ის ნაწილი, რომლისთვისაც ექს-პრეზიდენტი ბელადია და  ბრმად უნდა ენდო.

თუმცა, უგულავა-ბოკერიას ჯგუფსაც თავისი პლუსები აქვს. ბოკერიას გუნდთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციური ბირთვია, რომელიც  პარტიის ორგანიზაციური საქმიანობით იყო დაკავებული. სავარაუდოა, რომ ფინანსური ბირთვიც მათ მხარეს იქნება. ასევე არჩევნების გაყალბების სპეციალისტებიც ბოკერიას გუნდში მოხვდნენ. თუმცა, სააკაშვილის ქარიზმამ, შესაძლოა მთელი ამ გუნდის შესაძლებლობები გადაწონოს.

რომელ ჯგუფს, რა რაოდენობის ამომრჩეველი დარჩა, ამის ძალიან კარგი ინდიკატორი, ადგილობრივი არჩევნები იქნება. რა თქმა უნდა, რომ გახლეჩვის ფაქტი გავლენას იქონიებს, როგორც სააკაშვილის რეიტინგზე, ასევე იმ გუნდზე რომელსაც უგულავა-ბოკერიას ფრთა ჰქვია.

მათ ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის მომხრეები იყვნენ, თავისთავად ცხადია, რომ არცერთი ჯგუფის მომხრე აღარ იქნება. ვფიქრობ, სააკაშვილმა კიევში შეხვედრის დროს სწორედ ამ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა და ვფიქრობ, რომ ის გაყოფის პროცესს მაინც მომზადებული შეხვდა“ – განაცხადა  საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი ბერკეტი მისი პიროვნული ფაქტორი, ქარიზმა და გავლენაა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამომრჩევლის სეგმენტს იზიდავს. სააკაშვილი ამ ადამიანებისთვის მესიის მაგვარი წარმონაქმნია, რაც მათი მხრიდან  ბრმა ნდობას იწვევს. ანალიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის თავისი ფიგურის შესაბამის პოლიტიკურ წონადობაში არ იმყოფება, მას მომხრეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც გააჩნია.

„რა თქმა უნდა,  მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ კარგი ფინანსური რესურსი აქვს.  ვნახეთ, რომ კეზერაშვილი მის მხარეს დარჩა და ეს  საკმაოდ კარგ ფინანსურ გარანტს ნიშნავს. ასევე ჯერ არ ვიცით, საკმოდ რეიტინგული ტელევიზია „რუსთავი 2“-ი ვის მხარეს დაიკავებს. ესეც დიდი რესურსია, რომელიც ყველა პარტიას სჭირდება.

მე უფრო მგონია, რომ ტელევიზია მხადაჭერას, მაინც სააკაშვილის ფრთას გამოუცხადებს. სააკაშვილი პარტიის დარჩენილი ნაწილის სეგმენტის კონსოლიდაციას მოახერხებს. თუმცა, რა პროცესი წავა მათ ამომრჩევლებს შორის, ამას მაინც ადგილობრივი არჩევნები აჩვენებს. ასევე ორივე ჯგუფს შეგვიძლია მუშაობის დროს, მათ დინამიკას დავაკვირდეთ. ამის შემდეგ კი დასკვნების გაკეთებას უფრო ადვილად შევძლებთ“ -ამბობს ანჯაფარიძე.

ლიკა ბერიკაშვილი

 

იტვირთბა....