პროტოკოლის მიხედვით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე საქართველოს დიპლომატიური მისია იქნება წარმოდგენილი ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში.
„თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან არის ასეთი დღის წესრიგი, რომ ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის დელეგაცია არ ესწრება. ცერემონიას ესწრებიან მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და არა მოწვეული სტუმრები, ანუ უცხო ქვეყნის დელეგაციები და მაღალი რანგის სტუმრები მიწვეულენი არ არიან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება, რის შემდეგაც შტატების 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.