ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

ტასო ბარნოვა Vs შალვა რამიშვილი: რა მოხდა დღეს სასამართლოზე

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის და ტელეწამყვანის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის (ტასო ბარნოვა) სარჩელის საფუძველზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.

ბაია

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ მხარეებს მორიგება შესთავაზა. როგორც სხდომაზე მოსარჩელე თათია სამხარაძემ განაცხადა, მორიგება შედგება მხოლოდ მაშინ, თუ შალვა რამიშვილი პრესკონფერენციით, ან რაიმე სხვა ფორმით საჯაროდ აღიარებს მასზე განხორციელებულ სექსუალური შევიწროების ფაქტებს. მოპასუხე შალვა რამიშვილმა კი სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მის რეპუტაციას ეხება და მას არ უნდა მთელი ცხოვრება მოძალადის იარლიყით იცხოვროს, მითუმეტეს მაშინ, როცა მას ეს არ ჩაუდენია.

„ბატონო მოსამართლე, ეს ამ საქმესთან კავშირში არ არის, მაგრამ ციხეში ოთხი წელი ვიჯექი. მაშინ არ მიღიარებია ის, რასაც ბრალად მიყენებდნენ. მოვითმინე და ისე ვიჯექი 4 წელი ციხეში. შესაბამისად, არ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია“ – განაცხადა სასამართლოზე რამიშვილმა.

საბოლოოდ, სხდომა გადაიდო. მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ მხარეებს კიდევ ერთხელ მისცა საშუალება გაანალიზონ მორიგების მნიშვნელობა და ინტერესების დამცველებს 26 იანვარს კიდევ ერთხელ მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, შალვა რამიშვილმა და მისმა ადვოკატმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს, ხოლო თათია სამხარაძის ინტერესების დამცველმა ბაია პატარაიამ „მეტრონომს“ განუცხადა, რომ ამ საქმეში მორიგების შანსები ძალიან ცოტაა.

„რა თქმა უნდა, მორიგების საკითხი პირველ რიგში დამოკიდებულია მხარეებზე იმიტომ, რომ მხარე უნდა იყოს თანახმა და კმაყოფილი მორიგების პირობებით. პრინციპში, თათია სამხარაძემ უკვე დააფიქსირა თავისი პირობა და უკვე ეს მაინც მიდის იქამდე, რომ მოხდეს აღიარება იმ დისკრიმინაციული ფაქტის და სექსუალური შევიწროების, რომელიც განხორციელდა თამარის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ სხდომაზე მოვისმინეთ, რომ შალვა რამიშვილი თანახმა არ არის. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მორიგების შანსები ძალიან ცოტაა, ასეთია მხარების წინასწარი განწყობა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ მაინც კიდევ ერთხელ ვცადოთ და შევაჩეროთ პოზიციები. თუმცა,  საქმე პრეცედენტულია თავისი შინაარსით. ასეთ საქმეებზე გადაწვეტილებები საქართველოს რეალობაში არ არსებობს. არ არის ეს მარტივი საქმე, მაგრამ ძალიან საინტერესო საქმეა თავისი იურიდიული ასპექტებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კანონმდებლობა ხარვეზიანია და პრაქტიკულად ანტიდისკრიმინაციული კანონით გავდივართ ამ საქმეშიც, იმიტომ, რომ უშუალოდ სექსუალურ შევიწროებაზე არ არსებობს მუხლები ჩვენს კანონმდებლობაში“ – განუცხადა „მეტრონომს“ თათია სამხარაძის ინტერესების დამცველმა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ (ტასო ბარნოვა) 2016 წლის 8 აპრილს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმჟამინდელი მისი უფროსი, შალვა რამიშვილის მიერ მასზე სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა.

თათია სამხარაძის განცხადებით, აღნიშნულმა ფაქტმა სისტემური ხასიათი მიიღო, რის შემდეგაც ის იძულებული გახადა სამსახურიდან წასულიყო. როგორც მან განმარტა, მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროვების შესახებ ინფორმაცია „იმედის“ დირექტორს, გიორგი ბახტაძესაც ჰქონდა. მისივე თქმით, არსებობს აუდიოჩანაწერიც, რომელიც აღნიშნულ ფაქტებს ადასტურებს.

„ჩანაწერი შეიცავს აღიარებას, რომ ჩემზე ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება მუქარით, რომ ჩემი კარიერა დასრულდებოდა არა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედში“, არამედ სხვა ტელევიზიებშიც,“ – აღნიშნა თათია სამხარაძემ.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....