ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეანაბრეების აქცია: „ეროვნული ბანკი შიგნიდან ანგრევს სახელმწიფოს“

ეროვნული ბანკის წინ საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ დაზარალებულმა მეანაბრეებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა ბანკმა პასუხისმგებლობა აიღოს მიკროსაფინანსო „საქართველოს“ დანაშაულებრივ ქმედებებზე. მდუმარე აქცია-გლოვაზე დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით “ეროვნული მკვდარია”, “შიმშილისთვის განწირულები” და ა.შ. მათ აქციაზე მიტანილი ჰქონდათ სამგლოვიარო გვირგვინი და ისმოდა საგალობლების ხმაც.

როგორც „მეტრონომს“ დაზარალებულთა ნაწილმა განუცხადა, ისინი ეროვნული ბანკისგან შეცდომის აღიარებას ელიან:

ანა ძნელაძე, დაზარალებული: „ეს აქცია ფაქტობრივად ეროვნული ბანკის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები ვართ. ეს კომპანია 2007 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არსებობდა. ეროვნულ ბანკს შეეძლო კანონიერ ჩარჩოებში მოექცია ეს კომპანია, მაგრამ არ გააკეთა. ბანკის წარმომადგენლები გვევაჭრებიან, რომ მათ ამის უფლებამოსილება ჰქონდათ, მაგრამ კანონში არ უწერიათ, რომ ვალდებულები იყვნენ. მათი უფლებამოსილების არ შესრულების გამო 2648 ოჯახი ვართ  დაზარალებული და უკვე 5 გარდაცვლილი გვყავს. ეროვნულ ბანკს არ შეუძლია თავისი მოქალაქეების დაცვა.“

erovnuli3

მაია ალასანია, დაზარალებული: „უკვე მერამდენე თვეა ეროვნულ ბანკთან ვიკრიბებით იმიტომ, რომ ფინანსური სფეროს სტაბილურობისთვის ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოში. მას უნდა გაეტარებინა პრევენციული ზომები, რომ ამდენი დაზარალებული არ ყოფილიყო. მან არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები. ეროვნული ბანკისგან ველოდებით, რომ აღიაროს თავისი დაშვებული შეცდომები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ხალხს დაკარგული თანხა დაუბრუნდეს“.

თინათინ შერვაშიძე, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, იურისტი, დაზარალებული: „დღეს აქცია-გლოვა გვაქვს გამოცხადებული. ეროვნულ ბანკთან სამი თვეა მოვდივართ. ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, ეს სისტემური ხარვეზია. ამით ეროვნული ბანკის შეცდომა გამოიკვეთა, თუ უფრო მეტი-დანაშაული არა. ეს სახელმწიფოს პრობლემაა, რადგან წლების განმავლობაში მილიონობით დოლარის ბრუნვა თურმე წესების დარღვევით ხდებოდა. ეს არ იყო მიწისქვეშა ორგანიზაცია, ოფიციალური, გაფორმებული კომპანია იყო. ხელისუფლებამ თაღლითური ჯგუფის და ხელშემწყობი სისტემის მიერ, ჩვენი სახით დაყაჩაღებული ხალხი მიიღო. დაკარგულია 30 მილიონზე მეტი დოლარი. წლობით ნაგროვები თანხა დავკარგეთ. ეროვნული ბანკი ყრუ და ბრმა ორგანიზაციაა, რომელიც შიგნიდან ანგრევს სახელმწიფოს. მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. გამოძიება გვიან დაიწყო და თანხებს ვერ მიაკვლიეს. მინიმუმ 20 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს დანაშაულებრივი, ათკაციანი ჯგუფი იყო, რომელსაც ეროვნულ ბანკში მფარველობდნენ. ეს მიკროსაფინანსო  „ნაციონალური მოძრაობის“  დროს შეიქმნა, მაგრამ 2012 წლის მერე ხელისუფლებამ ყურადღება რატომ არ მიაქცია? სწორედ ამიტომ ვენდეთ, რომ აქამდე მუშაობდნენ. ხელისუფლება ზურგს უნდა გვიმაგრებდეს, ჩვენ კი მიტოვებულები ვართ. სამი თვეა ათასობით ადამიანი ყინვაში ვდგავართ. უკვე ხუთი გარდაცვლილი  გვყავს.  ჩვენ ვართ ეროვნული ბანკის ჭირისუფლები, დამკრძალავი ბიურო ჯერჯერობით არ ჩანს“-განაცხადა „მეტრონომთან“ დაზარალებულმა.

erovnuli4

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს მერაბ ფერაძის ორგანიზებით, დარეგისტრირდა შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველო“. საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის მიღება. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ ანაბრის სახით განახორციელა ფულადი შენატანი.

შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თამაზ ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული თანხები, კერძოდ, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გაცემულ იქნა მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე“ – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი. შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს.

eronuli5

გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკი-ს 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელით სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....