ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ უგულავა-ბოკერიას და მათი მომხრეების გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება.
“განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა.
დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა.
მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი.“ – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ რამდენიმე წუთის წინ, ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.
პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.