ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სინამდვილეში დღეს ხდება ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა“

„არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ”ნაციონალური მოძრაობიდან” ხდება გუნდის გასვლა, სინამდვილეში დღეს ხდება ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა – ეს არის ემოციურად მძიმე განცხადება იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდშიც მათ შორის მაშინაც, როცა ამ გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა“, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული ფრთის წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ადევნებს იმ კამათს და დისკუსიას, რომელმაც სრულიად არასწორი და მახინჯი ფორმა მიიღო.

”ამ უთანხმოების ლოგიკური გაგრძელება და კულმინაცია იყო ის დებატი, რომელიც იყო პარტიის დაგეგმილი ყრილობის გარშემო. ჩვენი შეფასებით, ყრილობა როგორი ფორმითაც იგეგმება, მოემსახურება პარტიის შემდგომ გახლეჩას, განსახვავებული აზრის მქონეების მოკვეთას. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება ”ნაცმოძრაობის” გაყოფა .თქვენ ხედვთ დღეს სახეებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენენ ”ნაციონალურ მოძრაობას”, იბრძოდა და არასდროს არ დაუხევია უკან მაშინაც, როდესაც ბევრის წინააღმდეგ აღძრული იყო და აღძრულია გამოძიება, არ დაუხევიათ უკან აქციებზე, ქუჩაში, დებატებზე, პარლამენტში… ეს ადამიანები და ეს გუნდი იყო სახე, ხერხემალი და საყრდენი „ნაცმოძრაობის“ ამ წლების განმავლოაბში.

არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ხდება გუნდის გასვლა, სინამდვილეში დღეს ხდება ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა. ეს არის ემოციურად მძიმე განცხადება იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდშიც მათ შორიც მაშინაც, როცა ამ გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა. ნებისმიერი რთული ემოცია და ტკივილი არის ყოველთვის მომავლის შექმნის თანმდევი. როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები ჩვენს შორის, ეს დღეიდან არის წარსული, ჩვენ ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას”, -განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმა ფრთამ დატოვა, კერძოდ უგულავა-ბოკერიას ფრთამ, რომლებიც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან სახელწოდებით „ევროპული საქართველო“. პარტია 21-მა წევრმა დატოვა.

იტვირთბა....