ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი: „ჩვენ შეიძლება რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ“

“გაზპრომთან” გაფორმებული ახალი ხელშეკრულების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა  გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„მოწოდების პორტფელი შენარჩუნდა ისეთი, როგორიც იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტის საფასურად პროცენტის აღების შემთხვევაში ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული გაზი საკმარისი იქნება…

ჩვენ არ ვსაუბრობთ კონტრაქტზე რუსეთიდან გაზის მოწოდების თაობაზე, ჩვენ ვსაუბრობდით სომხეთისთვის სატრანზიტო საფასურის მიღებაზე. აქ საქართველო იყო როგორც მესამე მხარე. ეს იყო კონტრაქტი ტრანზიტის შესახებ. ძირითადი მხარე იყო რუსეთი და სომხეთი. შესაბამისად, ჩვენ ვიღებდით სატრანზიტო საფასურს ორ მხარეს შორის სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე. შეიცვალა ბაზრის კონიუნქტურა. ეს კონტრაქტი აღარ არსებობს. რასაც მივაღწიეთ ისაა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში გაზის ბალანსი არ დარღვეულა. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რუსეთისგან ვიყიდოთ ეს გაზი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მოწოდებული გაზი იქნება საკმარისი, ჩვენ ასეთი მოთხოვნილება არ გვექნება, არ ვიყიდით ამ გაზს და თემა დახურულია“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ  მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება “გაზპრომ-ექსპორტთან” ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

საუბარია საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურზე. საქართველო “გაზპრომთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც დაეთანხმა “გაზპრომის” მოთხოვნას, გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ  ფულადი ანაზღაურება მიიღოს.

იტვირთბა....