პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ჯერჯერობით ვარაუდზე და ვერსიაბზე საუბარი ნაადრევია.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.
”რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება , ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, – განაცხადა მიშველაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე გუშინ ღამით დაჭრეს. შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. ის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
გოგოჭურთან ერთად დაჭრილია მისი მეგობარიც, რომელიც ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.