ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

როგორია პრეზიდენტის სიძის და მისი მეგობრის მდგომარეობა

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება,”-განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ოჯახს დამატებითი დეტალების გამჟღავნება ჯერ არ სურს, შესაბამისად უცნობი რჩება მომხდარის დეტალები და დაჭრილების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია.

ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე გუშინ ღამით დაჭრეს. შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. ის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

გოგოჭურთან ერთად დაჭრილია მისი მეგობარიც, რომელიც ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „მეტრონომს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

იტვირთბა....