ამ წუთებში შსს-ის წარმომადგენლები “გირჩის” ოფისში იმყოფებიან. როგორც „მეტრონომს“ „გირჩის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციელები სათითაოდ აღწერენ ქოთნებს, რომელშიც „გირჩის“ წევრებმა საახალწლოდ კანაფი დათესეს.
„გირჩის“ პრესსამსახურის თანამშრომელი ჰერმან საბო ამბობს, რომ სამართალდამცველები ქოთნების წაღებას გეგმავენ.
„ოფისში არიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტები, არის ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია.
დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი და სათითაოდ ყოველ ქოთანზე ადგენენ ოქმს, ფუთავენ და ა.შ. ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, როგორც იცით, მხოლოდ რამდენიმე ქოთანია დალუქული, როცა სულ არის დაახლოებით 85-მდე ქოთანი“ – აღნიშნა „მეტრონომთან“ „გირჩის“ პრესსამსახურის თანამშრომელმა ჰერმან საბომ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კონკრეტული პირების საგამოძიებო უწყებაში დაბარება, „გირჩის“ ადვოკატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ის დაკავებას და სხვა მსგავს ღონისძიებებს არ ელოდება.
„გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ და არ ვარ დარწმუნებული იმაზე, რომ მაინცდამაინც სათანადოდ მოუვლიან“ – თქვა ჟურნალისტებთან იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება შსს-ს კომენტარს, როგორც „მეტრონომს“ მათ განუცხადეს, ჯერ მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრებმა ახალი წლის ღამეს ოფისში კანაფი დათესეს, ამ ფაქტის შემდეგ, რამდენიმე წუთში შსს-მ გამოძიება დაიწყო.