“ვერ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყრილობის ორგანიზატორებმა რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ ხალხისა და მხარდამჭერების სახელით, ყრილობა წესების დარღვევით ჩატარდება და მას ლეგიტიმაცია არ ექნება.
“ის თუ ვის დარჩება პარტიის სახელი, გავაგძელებთ თუ არა ამისთვის იურიდიულ დავას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია, მე არანაირი სურვილი არა მაქვს, ჩემს ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამებრძოლებთან იურიდიულ დავაში შევიდე და ამაში დავკარგო დრო, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არა ჩვენს შორის იურიდიული დავა, არამედ ბიძინა ივანიშვილი. იმ ორი ქალის არ იყოს, შვილს რომ იყოფენ – ერთ-ერთმა უნდა გაუშვას ხელი იმისთვის, რომ ბავშვი არ დაზარალდეს. იმისთვის, რომ საქმე არ დაზარალდეს, ჩვენ შეიძლება ხელი გავუშვათ ბავშვს და დავუტოვოთ მათ, ვინც დღეს ძალადობს ბავშვზე ანუ “ნაციონალურ მოძრაობაზე“, – აღნიშნავს ბობოხიძემ.