ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გაზპრომთან“ შესაძლოა ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელშეკრულება გაფორმდეს

წელს არაფერი გვემუქრება, მთავრობა კი მაინც არ გამორიცხავს „გაზპრომთან“ ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებას. თუ ეს მოხდა, მხოლოდ კერძო ინტერესები იქნება ამის მიზეზი. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს. მისი თქმით, როგორი იქნება ქართულ მხარესა და რუსულ გაზპრომ-ექსპორტს შორის ახალი კონტრაქტი ჯერ უცნობია.

“შარშანდელი მეორდება. მთავრობა მაშინ გვაშინებდა, რომ გაზი გვაკლია და თუ რუსეთთან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებაში გაზპრომის ინტერესებს არ გავითვალისწინებთ, ზამთარში ცუდი დღე გველისო. ბლეფი აღმოჩნდა ყოველივე. თანაც, აზერბაიჯანმა ცალკე და შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა ცალკე, დამატებითი გაზი გამოგვიყო და გაზპრომის მახესაც თავი დავაღწიეთ. ეს ადრე თუ გვიან არავის შერჩება!” – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ხელმოწერილ შეთანხებას ვადა გასული წლის ბოლოს გაუვიდა. ქართულ მხარესა და „გაზპრომის“ წარმომადგენლობას შორის ბოლო შეხვედრა 23 დეკემბერს შედგა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მოხდა და ამ დროისთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტი ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტით გატარების სანაცვლოდ, მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს – ქართულ მხარეს ხელშეკრულების აღნიშნულ პირობებზე დარჩენა სურს, თუმცა არ გამოირიცხება ტრანზიტის საფასურის გადახდის მონეტიზაციაც. როდის გაიმართება „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა და როგორი იქნება ახალი კონტრაქტი ჯერ უცნობია.

იტვირთბა....