“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს. მისი თქმით, პრაქტიკის მიხედვით, მსგავს შემთხვევებში არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენება.
„მე პირადად, როგორც მოქალაქე და როგორც იურისტი, არა როგორც პოლიტიკოსი, ვფიქრობ, რომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს და საპატიმროში არ უნდა იყოს ამისთვის მოთავსებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე (ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი) დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა გვარამიას. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.