„საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ყოველთვის იდგა და დგას მენეჯმენტის პრობლემა. ვასილ მაღლაფერიძემ თავის თავზე ამ პრობლემის გამოსწორება უნდა აიღოს“, – ამის შესახებ „მეტრონომთან“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთმა ყოფილმა კანდიდატმა და ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის ხედვა, წესით, ორგანიზაციას პროგრესისკენ წაიყვანს:
„ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიღებულია და შესაბამისად, სრულად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე. რამდენად კარგია ეს არჩევანი, ამას მხოლოდ დრო და გამოცდილება გვაჩვენებს, იქიდან გამომდინარე, თუ ბატონი ვასილ მაღლაფერიძე რას გააკეთებს გენერალური დირექტორის რანგში.
ვუსმინე მის მიერ წარმოდგენილ გეგმას და თუ ის განხორციელდა, წესით პროგრესი იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ყოველთვის იდგა და დგას მენეჯმენტის პრობლემა. ვასილ მაღლაფერიძემ თავის თავზე ამ პრობლემის გამოსწორება უნდა აიღოს.
„მეტრონომი“: რამდენად დამოუკიდებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური გავლენებისგან?
-ეს კითხვები არსებობს საზოგადოებაში და ყოველთვის იარსებებს, რადგან გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, სადაც მედია განხილება პოლიტიკის ინსტრუმენტად. თვითონ ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ უნდა გააბათილოს ეს ეჭვები და ეს მოხდება იმ მენეჯმენტის წარმოებით, რასაც ის განახორციელებს. თუ გენერალური დირექტორი იქნება პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ეს აუცილებლად დაეტყობა ტელევიზიას და არავისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. „-განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გამოსავლენად მეორე ტურის კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა – ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმა, თიკო ბერძენიშვილი 2 ხმა, ნინო ზაუტაშვილი 1 ხმა, ნათია კუპრაშვილი ერთი ხმა, ხოლო ზაალ ანჯაფარიძისთვის მხარი საბჭოს არცერთ წევრს არ დაუჭერია. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ზაალ ანჯაფარიძე.
პირველ ტურში კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ზაალ ანჯაფარიძე – 6 ხმა; ვასილ მაღაფერიძე – 5 ხმა; ნინო ზაუტაშვილი – 5 ხმა; თინათინ ბერძენიშვილი – 8 ხმა; ნათია კუპრაშვილი – 8 ხმა.
მანა ნოდია