საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთი წევრის, ქეთევან მსხილაძის განცხადებით, მას ვასილ მაღლაფერიძის არა მხოლოდ პოლიტიკურ წარსულთან, არამედ არსებულ პოლიტიკურ სიმპათიებთან დაკავშირებითაც აქვს კითხვის ნიშნები.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლის ნდობა მოუპოვოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მსხილაძემ. მას პრეტენზია აქვს სამეურვეო საბჭოს წევრებთან და არა კანდიდატებთან.
”მე მინდა მივულოცო ახალ დირექტორს მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მხარი არ დამიჭერია. ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება და მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ მისცა ხმა.
ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება გუშინ გამოვხატე. მე მაქვს კითხვის ნიშნები არა მხოლოდ მის პოლიტიკურ წარსულთან, არამედ არსებულ პოლიტიკურ სიმპათიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლის ნდობა მოუპოვოს. კანდიდატებს რაც შეეხება, ნებისმიერს შეეძლო შემოტანა განაცხადის, თუ ის აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. მე კანდიდატებთან პრეტენზიები არ მაქვს, მე პრეტენზია მაქვს სამეურვეო საბჭოს წევრებთან. მესამე წელია სამეურვეო საბჭოში ვარ და ყველაზე კრიტიკულ მომენტებში საბჭომ ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება.
გავიხსენებ ეგზიტპოლებს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო კომპანიებთან ალიანსში შევიდა და მათთან ერთად ჩაატარა. მეორედ, ასეთი კრიტიკული და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება დღეს უნდა მიეღოთ და დღესაც მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ ხელისუფლება არჩია და ხელისუფლებისთვის მაამებლური გადაწვეტილება მიიღო”, -განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.
მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ და ტელევიზიის სასარგებლოდ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხზე კომენტარი გააკეთა ბორდის კიდევ ერთმა წევრმა სულხან სალაძემ. ის არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში სამეურვეო საბჭო იყო დამოუკიდებელი.
„ვასილ მაღლაფერიძე არის კანდიდატი და უკვე გენერალური დირექტორი, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა ჰქონდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის დროს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ოთხი სხვა კანდიდატი შესაძლებელია ყოფილიყო უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ვიდრე ვასილ მაღლაფერიძე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში სამეურვეო საბჭო იყო დამოუკიდებელი, უკვე შემიძლია ამის თქმა“, – განაცხადა სალაძემ.
მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ნაწილი იმ გარიგების, რომელიც აქამდე იყო.
„იმის გათვალისწინებით, რა მოვლენებს აქვს ადგილი ქართულ მედიასივრცეში, იმის გათალისწინებით, რა გარიგებებს აქვს ადგილი ბოლო პერიოდში კერძო მაუწყებლებს შორის, ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილებაც არის ნაწილი იმ გარიგებებისა, რომელიც აქამდე იყო. ჩვენ ვღებულობთ ძალიან რთულ, ცუდ, საშიშ სიტუაციას, როდესაც შესაძლებელია, ქართული ტელევიზიების აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩნდეს ერთ მხარეს და მაყურებელს რეალურად არ ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშაულებების მხრიდან“, – აღნიშნა სალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. მეორე ტურის მეორე კენჭისყრით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას – ორმა.