„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად“, – ამის შესახებ მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევის საკითხზე განაცხადა.
”სამწუხარო რეალობაა. საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო სწორედაც პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნით. საბჭომ პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუცია რაღაც პერიოდით კიდევ ვერ განვითარდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად, ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს თავისი სამეურვეო საბჭოს პირით აცხადებს, რომ ჩვენ პოლიტიკური მიკერძოებულობა არ გვაინტერესებს, ჩვენ არ გვაინტერესებს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. დღეს საბჭომ ღიად თქვა – ჩვენ ეს არ გვაინტერსებს, ჩვენ დიახაც გვაინტერესებს ადამიანი, რომელმაც გუშინ დაადასტურა გასაუბრების დროს, რომ მას აქვს პოლიტიკური სიმპათიები და ეს მას ხელს არ უშლის თავის მედიასაქმიანობაში. ეს არის ძალიან ცუდი პრეცენდენტი”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
შეგახსენებთ, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა გახდა ცნობილი. მეორე ტურის განმეორებითი კენჭისყრით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას – ორმა.