ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

თინათინ ბერძენიშვილი: „გადაწყვეტილება მიღებულია და პასუხისმგებელი სამეთვალყურეო საბჭოა“

 

„მიმაჩნდა, რომ  ორგანიზაციაში არსებული ყველა გამოწვევა და პრობლემა და მათი გადაჭრის გზები კარგად იცოდა იმ ადამიანმა, რომელიც აქ მუშაობდა. ასე არ მოხდა“ – ამის შესახებ „მეტრონომთან“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად არჩევის კომენტირებისას.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით პროცედურა გამჭვირვალე იყო:

„პროცესებს და პროცედურას ადევნებდით თვალყურს, ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობის კუთხით  პრობლემა და ხარვეზი არ იყო. გადაწყვეტილება მიღებულია და პასუხისმგებელი, ცხადია, სამეთვალყურეო საბჭოა. გადავდივართ სამუშაო რეჟიმზე და შემდეგ უფრო ადვილი იქნება საუბარი“.

„მეტრონომი“: თქვენ იყავით ვასილ მაღლაფერიძის რეალური კონკურენტი, რადგან ხმები თქვენ შორის გაიყო. რა არის თქვენი მთავარი ხედვა, რის გატარებასაც ისურვებდით საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი დირექტორის მხრიდან?

თინათინ ბერძენიშვილი: „ჩემი ხედვა ეფუძნებოდა ხუთ ძირითად გამოწვევას, მათ შორის ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.  ეს გახლავთ ფინანსური პრობლემების მოგვარება, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება, ასევე ადამიანური რესურსების მართვის მკაფიო პოლიტიკას. მიმაჩნდა, რომ  ორგანიზაციაში არსებული ყველა გამოწვევა და პრობლემა და მათი გადაჭრის გზები კარგად იცოდა იმ ადამიანმა, რომელიც აქ მუშაობდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. არჩეულ გენერალურ დირექტორს ვუსურვებ რთულ გზაზე წარმატებას და გადავდივართ სამუშაო რეჟიმში.“- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გამოსავლენად მეორე ტურის კენჭისყრა გახდა საჭირო, რადგან ხმები  ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილის შორის გადანაწილდა და მათ შორის ვერცერთმა ვერ მიიღო საჭირო ხუთი ხმა.

კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა – ვასილ მაღლაფერიძე 4 ხმა, თიკო ბერძენიშვილი 2 ხმა, ნინო ზაუტაშვიული 1 ხმა, ნათია კუპრაშვილი 1 ხმა, ხოლო ზაალ ანჯაფარიძისთვის მხარი საბჭოს არცერთ წევრს არ დაუჭერია.

საბოლოო კენჭისყრის შედეგად 6 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ, ხოლო 2 ხმა თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო.

მანა ნოდია

 

იტვირთბა....