სახალხო დამცველი ეხმაურება New Studio-ს სარეკლამო რგოლს – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“ და მოუწოდებს მისი გავრცელება შეწყვიტოს, ამავდროულად, მომავალში განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინოს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართ. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო რგოლი, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის“, ამ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება, მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე ბავშვზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მიუხედავად კლიპზე მითითებული 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ნახვის შეზღუდვისა, თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ ვიდეო რგოლზე.