„გიგი უგულავამ ფაქტობრივად დაადასტურა ბრალად შერაცხული ქმედების გარემოებები, კერძოდ, ”თბილსერვის ჯგუფში” ფორმალურად განყოფილების ჩამოყალიბებისა და იქ პარტიული ნიშნით ადამიანების გაფორმების ფაქტები“, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, გიგა ძნელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უგულავას პოზიციით დადასტურდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ბრალდების მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან ამტკიცებდა.
„დასრულდა გიორგი უგულავას ბრალდების საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა სააპელაციო სასამართლოში, მხარეებმა ვთქვით რეპლიკები და ბრალდებულმაც წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, რა დროსაც ფაქტობრივად დაადასტურა ბრალად შერაცხული ქმედების გარემოებები, კერძოდ ”თბილსერვის ჯგუფში” ფორმალურად განყოფილების ჩამოყალიბებისა და იქ პარტიული ნიშნით ადამიანების გაფორმების ფაქტები, რომლებიც ეწეოდნენ არა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ, არამედ პარტიულ საქმიანობას, რისთვისაც საბიუჯეტო სახსრებიდან იღებდნენ ანაზღაურებას. უგულავა ითხოვს ამ ფაქტის სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებას. იმედი გვაქვს სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს პირველი ინსტაციის გადაწყვეტილებას ე.წ. თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდთან დაკავშირებით, ხოლო ე.წ. ,,რიყის ეპიზოდზე“ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს. გ. უგულავას დღევანდელი პოზიციით დადასტურდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ბრალდების მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან ამტკიცებდა”, – განაცხადა გიგა ძნელაძემ.
გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ აქტივისტები, არ არის სისხლისსამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა.
„ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ პარტიული აქტივისტები, ეს არ შეიძლება მიჩნეული იყოს გაფლანგვად, რამდენადაც ყოველ არჩევნებამდე ან მის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, ააიპ-ებში თუ სიპ-ებში ხდება მმართველი ძალისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების დასაქმება. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გუშინ, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმე განიხილებოდა. გიგი უგულავამ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ ხალხი მან დაასაქმა და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა, როგორც უგულავამ აღნიშნა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა.
„მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.