რამდენიმე საათის წინ აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლის ქალი მეუღლემ თოკით გაგუდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილი მეუღლესთან ერთად აღნიშნულ მისამართზე 2011 წლიდან ცხოვრობდა. მათივე თქმით, ოჯახი კონფლიქტური არ იყო:
„ეს ოჯახი კონფლიქტურობით არ გამოირჩეოდა. 2011 წელს გადმოვიდნენ ამ სახლში, ცხოვრობდნენ ქირით. ქალი ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. როგორც ვიცით, მათ საერთო შვილი არ ჰყავდათ, თუმცა ქმარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი. გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო. საკმაოდ კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა მეზობლებთან. არანაირი კონფლიქტი აქამდე არ შეგვიმჩნევია. ცხედარი სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს. როგორც ამბობენ, პოლიციას თვითონ მეუღლე ჩაბარდა და შემთხვევის შესახებ თავად განაცხადა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა, მაია გელოვანმა.
ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. მოკლული ქალის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.