თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა.
5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე და მისი ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას ითხოვდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ. ისინი ითხოვდნენ, რომ ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმე ხელახლა განხილულიყო.
„მეტრონომი“ მაგდა პაპიძის დას, ლანა პაპიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ელოდა.
„ეს დიდი ხანია ვიცოდით, მოხდა ის, რასაც ველოდით. მაია რჩეულიშვილს კიბო აქვს და საავადმყოფოში, პალატაში მოითხოვეს სასამართლოს გამართვა, ამის შემდეგ უკვე აღარაფერი მიკვირს. მაგდას საქმეს როგორ დააკმაყოფილებდნენ, როცა ისიც არ ვიცოდით, რომ ომარის(მაგდას ქმარს) მობილური ქსელიდან გათიშული იყო მაგ დღეს. ანძაც მაგდამ გამორთო? ექსპერტი გარკვევით ამბობს, რომ საღამოს 4 საათიდან გათიშული იყო ომარის ტელეფონი. მაგდამ გამორთო ანძა და ზურგზე მოიკიდა ამხელა კაცი თურმე. გვამზეა აქ უკვე ლაპარაკი. ჩემი გოგო ვერ ავწიე იმ დღეს, ჩაეძინა დივანზე და ძლივს გადავაწვინე საძინებელში და ამხელა კაცის გვამი აიკიდა ზურგზე და მაგდამ ატარა თურმე. იმიტომ, რომ სისხლის კვალი სახლიდან 6 მეტრის მერე იწყება“ – განუცხადა „მეტრონომს“ ლანა პაპიძემ.
შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე დააკავეს. მისი გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ განიხილა. 2016 წლის ივლისში ნაფიცმა მსაჯულებმა მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, სასამართლომ კი უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.