ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

„რამდენიმე სახის სცენარი არსებობდა“: დაიჭერენ თუ არა „გირჩის“ წევრებს და აქტივისტებს (ვიდეო)

„რამდენიმე სახის სცენარი არსებობდა, განვიხილავდით, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები“ – ამის შესახებ „მეტრონომს“ პარტია „გირჩის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა მართა ბარამიძემ ახალი წლის ღამეს, პარტიის ოფისში მარიხუანას დათესვასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით,  ახალი წლის ღამეს მარიხუანას დათესვის ფაქტზე შს სამინისტროს მხრიდან ამ დრომდე არ მომხდარა პარტიის  წარმომადგენლებთან დაკავშირება.

„იმის შემდეგ, რაც შსს-მ განცხადება გააკეთა, რომ გამოძიება დაიწყო, არავინ დაგვკავშირებია. ჩვენთვის უცნობია, რა ფორმით მიმდინარეობს გამოძიება, იქიდან გამომდინარე, რომ გამოხმაურება არავისგან ყოფილა. არანაირი კონტაქტი, არც დაურეკავთ, არც დაკითხვაზე დაუბარებიათ ვინმე.

მანამდე კონსულტაციები  ჩვენი პარტიის იურისტებთან გავიარეთ. ახლაც პროცესში ვართ. რამდენიმე სახის სცენარი არსებობდა, განვიხილავდით როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. თუმცა როგორც განვითარდა, ესეც მოსალოდნელი იყო. ერთ-ერთ მოსალოდნელ სცენარში იყო ის, რომ შსს არაფერს იზამდა და შესაძლო იყო ისიც, რომ პროცესები გაეწელა ვთქვათ, კანონის მიღებამდე.

კიდევ ერთი  სცენარი იყო ის, რომ წასულიყვნენ რისკზე, შემოგვარდნოდნენ ოფისში და ყველა ადგილზევე წაეყვანათ. დაგვიჭერენ-არდაგვიჭერენ საკითხი იყო ყველაზე განსახილველი იმიტომ, რომ პარტიის გარდა კიდევ იყვნენ აქტივისტები, ვინც რეალურად ამხელა რისკზე მიდიოდნენ და ამხელა საშიშროება ელოდებოდათ. შესაბამისად, ჩვენ ყველასთან გვქონდა მოლაპარაკება. მათთან გვქონდა დაახლოებით, ხელშეკრულების ფორმასავით, რაზეც აქციის მონაწილეები ხელს აწერდნენ, რომ პასუხისმგებლობას თავიანთ თავზე იღებდნენ. ასე, რომ ჩვენ ორ სცენარს განვიხილავდით, ჯერჯერობით არ ვიცით რას გააკეთებენ, მოლოდინის რეჟიმში ვართ“-უთხრა „მეტრონომს“ მართა ბარამიძემ.

როგორც „მეტრონომისთვის“ სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, შსს გეგმავს გამოკვლევას და ექსპერტიზის ჩატარებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 2016 წლის 31 დეკემბერს, პარტია „გირჩის“ ოფისში პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა მარიხუანა დათესეს. პირველი, რომელმაც პირდაპირ ეთერში კანაფის თესლი ქოთანში მოათავსა, პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე იყო. მას სხვა ლიდერები და აქტივისტებიც შეუერთდნენ. მომხდარ ფაქტზე შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

ნინო ცხადაია

იტვირთბა....