რუსთაველის თეატრის მსახიობი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლდა, – მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია სააგენტო “მარშალ პრესმა“ გაავრცელა, „მეტრონომი“ ზაზა პაპუაშვილს დაუკავშირდა.
„გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დღის წესრიგში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების საკითხი დადგა. „როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შეეხება, რაც ბიუჯეტის დაზოგვას და რიგ შემთხვევაში კადრების შემცირებას გულისხმობს.“ – წერს „მარშალ პრესი“ .
როგორც ზაზა პაპუაშვილმა „მეტრონომთან“ განაცხადა, მისთვის ცნობილი იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ელის კონკრეტულ დოკუმენტაციას, რომელიც ჯერ არ მიუღია:
„წერილს ველოდები იმათგან და როცა მივიღებ, მერე დავილაპარაკოთ, რა როგორ არის. უცნობი არ იყო ეს სიტუაცია. სრული პასუხი დოკუმენტის მიღების შემდეგ მექნება“ – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, რომ ზაზა პაპუაშვილი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია.
ზაზა პაპუაშვილმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, არის დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობი. პაპუაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობია 1986 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“), კლავდიუსი („ჰამლეტი“), სეხიზმუნდო („ცხოვრება სიზმარია“), მასხარა („მეფე ლირი“), იანგ ზუნი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მაკბეტი („მაკბეტი“), მინდია („ლამარა“), ბაჩა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), პანტალონე („ქალი გველი“), ჰამლეტი („ჰამლეტი“), მალვოლიო („როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ესტრაგონი („გოდოს მოლოდინში“), დარისპანი („დარისპანის გასაჭირი“), სევდიანი უცნობი („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“).
დადგმული აქვს სპექტაკლები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის დარამატულ თეატრებში.