სოსო ცისკარიშვილი: „ირაკლი კობახიძე თუ მამას დაუჯერებს, ქვეყანას უკეთესად წაიყვანს“
„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტთან, სოსო ცისკარიშვილთან მცირე კომენტარისთვის დავრეკე – მას 2016 წლის დადებითი და უარყოფითი პოლიტიკოსი უნდა დაესახელებინა. მოულოდნელად, ბატონმა სოსომ მასალის სრულიად ახალი ვერსია შემომთავაზა და თავად ჩამოთვალა პოლიტიკოსთა თუ პოლიტიკურ მოვლენათა ის სტატუსები, რომლებმაც წლის განმავლობაში, ექსპერტის ყურადღება მიიქცია:
დადებითი პოლიტიკოსი
პოლიტიკოსების შეფასებისას უპრიანი იქნება არამხოლოდ 2016 წელი ავიღოთ, არამედ, 2013 წლიდან 2016 წლამდეც შევაფასოთ, რადგან ერთი და იგივე პერსონა შეიძლება ერთ წელიწადს მარგალიტივით ელავდეს და სამი წლის განმავლობაში რიგითი პოლიტიკოსი იყოს.
მთლიანობაში, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი ჩანდნენ. 2016 წელს კი დადებითი კონტექსტის ჩემპიონი გიორგი კვირიკაშვილია. მასზე ჩვენი ქვეყნის ერთადერთი კადრებთუხუცესის (ბიძინა ივანიშვილი) ზეწოლა ამ წელს ასეთი თვალსაჩინო აღარ იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ შედეგი არჩევნებში, 2016 წელს, მიეწერება სწორედ ბატონ კადრებთუხუცესს(ბიძინა ივანიშვილს).
წარუმატებელი პოლიტიკოსი
უარყოფითი კონტექსტი ჩემთვის ჰქონდა პაატა ბურჭულაძეს. ასევე გაუკვირდება, მაგრამ თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი ჟვანია. როცა აშშ-ს ყველა შტატში, სადაც ამის სურვილი გამოითქვა, ხმები ხელახლა გადათვალეს, ქალბატონი ჟვანია კი, როცა ჩვენთან ხმების გადათვლაზე იყო საუბარი, ძეგლად გადაიქცა და ისე თქვა უარი.
ყველაზე დაზარალებული პოლიტიკოსები
ამ კონტექსტში თინა ხიდაშელთან, ირაკლი ალასანიასთან და დავით უსუფაშვილთან ერთად, შეგვიძლია პაატა ბურჭულაძეც ვიგულისხმოთ. არ ვიცით სად წავიდნენ ალასანია-უსუფაშვილი, მაგრამ ზუსტად ვიცით, სად არის ბურჭულაძე, რადგან მან უკვე დამპატიჟა მაისში, ლონდონში, საოპერო სცენაზე მის მოსასმენად.
ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი
ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად საუბრობს თავის აპოლიტიკურობაზე და წარმოგვიდგება, როგორც რიგითი მოქალაქე. აზრთაგამრგეს ვგულისხმობ, „ქართული ოცნების“ მამა-მარჩენალს, ბიძინა ივანიშვილს.
უბრალოდ, ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძეს გამარჯვებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, რადგან ის საკუთარი გამოცდილებით და შედეგიანობით ახლოს ვერ მივა მის წინამორბედთან, დავით უსუფაშვილთან. ეს უკვე საკმაოდ გულადი ნაბიჯია კობახიძის მხრიდან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ თავად ირაკლის მიერ არის გადადგმული.
პრემიერ-მინისტრი
მას, როგორც „ქართუს“ პრეზიდენტს, კადრთუხუცესთან (ივანიშვილი) საუბრის გამოცდილება გააჩნია, მაგრამ ახლა, წამოსული ტალღა, რომ მას შეცვლიან ასევე „ ქართუს“ კადრით, ამ ეტაპზე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილით.
ივანიშვილის ცნობიერებიდან გამომდინარე, კვირიკაშვილი ყველაზე სახიფათო ვითარებაშია, რადგან ივანიშვილი არ სწყალობდა დათო კირვალიძეს, ირაკლი ალასანიას და ვაითუ მესამე, გიორგი კვირიკაშვილი იყოს. ჩემთვის ნათელია, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად აქვს სურვილი, რომელიც ნაწილობრივ უკვე სრულდება, რომ დედაქალაქი მიჭირხვნოს დედასოფელმა. ეს სურვილი ჩანს კადრების კუთხითაც, ქმედებებითაც- ქვეცნობიერი არასრულყოფილების განცდიდან გამომდინარე.
უბრალოდ, ირმა ინაშვილი
ის წარმატებულ პოლიტიკოსებში უსაუთოდ უნდა იყოს, რადგან პარლამენტში, ოთხი წლის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კბილის ტკვილი იქნება, „ქართული ოცნებისთვის“ კი – თავის ტკივილი.
„ნაციონალური მოძრაობა“
როდესაც მკაფიო გახდა, რომ ამ პოლიტიკური მონსტრის ერთიანობა წარსულს ჩაბარდა, მათი არსებობის პერსპექტივა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორად გაიყოფოდა: ნაციონალ რადიკალებად და ნაციონალ რეალისტებად. პრაქტიკულად ეს განსხვავებული აზრის მახასიათებელი ფრაზებია. შესაძლებელია ტერმინი „ნაციონალი“ აღარ იყოს თავშესაფარი იმ „ნაციონალებისთვის“, რომელთაც უკვე კრიტიკული შეფასებები გააჩნიათ მათი დამფუძნებლის მიმართ და არცთუ უსაფუძვლოდ. დიდი ალბათობით 20 იანვრის ყრილობა, თუკი ის შედგა, ინციდენტის გარეშე არ დასრულდება, რადგან თავად მოწვეულების რაოდენობა (7000 დელეგატი) არის მკაფიო დაპირისპირების დაანონსება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბატონმა სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს სიბრძნე, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი“, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა იქამდე მივიდეს, როცა წამოსაძახებელი გაუხდება, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.
ყველაზე გასაცოდავებული პოლიტიკოსი
2016 წელს, ეს სტატუსი მიიღო თამაზ მეჭიაურმა. ერთი პერიოდი მეჭიაური ივანიშვილის რუპორი იყო. მისი წამოწყებული იყო თითქოს „რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ კამპანია. თამაზ მეჭიაურის და ბიძინა ივანიშვილის განცხადებები იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ვეღარ გაარჩევდი.
ყველაზე კარგი 2017 წელი
2017 წელი 2016 წლის პირველ ნაწილს ვერ აჯობებს, მაგრამ მეორე ნაწილსაც თუ ვერ აჯობა, დაგვმართნია უკურნებელი სენი. თუ პრემიერად კვლავ გიორგი კვირიკაშვილი იქნება, სტაბილურობის პერსპექტივა მეტია. უნდა ვეცადოთ რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იყოს ურყევი.
ძირითადი საფრთხე
ეს არის გაავებული სურვილი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ხელმძღვანელის მხრიდან, რომ უსწრაფესად დაიწყოს ის ცვლილებები, რასაც უქადის „ქართული ოცნება“ ჩვენს კონსტიტუციას. ამიტომ უპრიანი იქნება, ბატონ კობახიძესაც გავახსენოთ, რომ „რასაც დასთესს, იმას მოიმკის“.
კობახიძის თავშესაფარი გახლავთ ის, რომ მამა მასზე გამოცდილი პოლიტიკოსია და თუ მას დაუჯერებს, ქვეყანას უკეთესად წაიყვანს.
მანა ნოდია