ახალი წლის ღამეს შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 39 ადამიანი, 70-მდე კი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის 20-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველები თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ.
გავრცელდა ვიდეომასალაც, რომელიც სტამბოლში მომხდარი თავდასხმის პირველ წუთებს ასახავს. უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ შეიარაღებული პირი სროლას ქუჩაში იწყებს, შემდეგ კი ღამის კლუბში იჭრება.
თავდასხმა ახალი წლის დადგომიდან ერთ საათში მოხდა. ტერორისტმა სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბის წინ ჯერ დაცვის სამსახურის თანამშრომელი და სამართალდამცველი მოკლა, შემდეგ ცეცხლი შენობაში მყოფებს გაუხსნა, ამ ყველაფრის შემდეგ კი მიიმალა.
ISIS-მა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.