ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„იმედი“, „მაესტრო“ და GDS: გია გაჩეჩილაძემ ახალი მედია-ჰოლდინგის შესახებ დააანონსა

ტელეკომპანია ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ ახალი მედია ჰოლდინგი იქნება, რომლის შემადგენლობაში სამი ტელევიზია შევა – „იმედი“, „GDS” და „მაესტრო“.

„ტელევიზიებში სიტუაცია დამყაყდა, სისხლის გადასხმა სჭირდება, ახალი მედია-ჰოლდინგი იქმნება“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გია გაჩეჩილაძემ.

მისი ინფორმაციით, ჰოლდინგის შემადგენლობაში რადიოები და გაზეთები გაერთიანდებიან.

”მე არ ვაპირებ ”მაესტროს” გაყიდვას არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ დიდი მედია-ჰოლდინგი კეთდება, რომელსაც ექნება ერთი ბიუჯეტი. აქ არ გაერთიანდებიან მხოლოდ ტელევიზიები, რადიოებიც იქნება გაერთიანებული, გაზეთები და ა.შ. რადიოებსა და გაზეთებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეიძლება ჰოლდინგში რადიო ”იმედი” და რადიო ”უცნობი” შევიდეს. ვნახოთ, ჯერჯერობით მოლპარაკებები მიდის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი ეყოლება, თუმცა ჯერ კანდიდატურაზე საუბარი არ არის.

”ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი ეყოლება. დაფინანსება თუ ერთი მხრიდან მოდის, ვინც აფინანსებს, ის უნდა მართავდეს, ხომ მართალი ვარ?”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ. კითხვაზე, ვინ არის დაფინანსების წყარო, გაჩეჩილაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხზე საუბრობდა და ”როგორც საჭიროა ისე იქნება.

”ჩემი აზრით, ქართულ ტელევიზიას სჭირდება სისხლის გადასხმა, ახალი პროექტები, ახალი გადაცემები უნდა წამოვიდეს, თორემ ტელევიზიებში სიტუაცია დამყაყდა. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

იტვირთბა....