ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექსპერტებმა დათვალეს: რამდენით გაუძვირდება ოჯახს ცხოვრება იანვრიდან

 

აქციზის ზრდა და იმპორტირებული პროდუქტის გაძვირება იანვრიდან ქართული ოჯახის ყოველთვიურ ხარჯს 60-100 ლარის ფარგლებში გაზრდის,- ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსთან“ ექსპერტები საუბრობენ.

სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის შეფასებით, გარკვეული პროდუქციის გაძვირება მოსალოდნელია, რაც გავლენას მოახდენს ფასების საერთო დონის მაჩვენებელზე.

“ფასები საქართველოში 0,6-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე იაპონიაში, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ხალხი უკეთესად ცხოვრობს. ფასის მატება ერთი ასპექტია, მეორე – საკუთარი განკარგვადი შემოსავლით რა რაოდენობის პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ. პირობითად, იაპონიაში თუ არის ხორცის ფასი 30 დოლარი, ხოლო საქართველოში – 5 დოლარი, სამაგიეროდ, იქ ხალხს აქვს შემოსავალი იმდენი, რომ შეუძლია გაცილებით მეტი ხორცის ყიდვა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს – საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ იაპონიის მოქალაქე უკეთესად ცხოვრობს.

ვფიქრობ, საშუალოდ, ოჯახს თვეში 60-100 ლარით მეტის გადახდა მოუწევს. აქცენტი უნდა გადავიტანოთ არა იმაზე, რამდენად გაიზრდება ან შემცირდება ფასი, არამედ შესაძლებლობაზე, თუ რამდენად მოვახერხებთ ახალ ვითარებაში შემოსავლების გაზრდას, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაიზარდოს. ამიტომ უნდა ვისწავლოთ საკუთარი ემოციებისა და რესურსების რაციონალური მართვა. თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ჩავდგებით მოწინავე საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში.

მომავალი წლიდან, როგორც ვიცით, 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ, რაც ნამდვილად შესრულდება, შეიძლება ცოტა მეტიც იყოს რეალურად”, – აცხადებს არჩვაძე.

მისი შეფასებით, დაბალი გადასახადი და ფასი მოკლევადიან პერსპექტივაში კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იაფი საქონელი არ არის დალხენილი ცხოვრების გამოხატულება.

“საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ფასი ხორცზე 1962 წლიდან 1988 წლამდე არ შეცვლილა, მაგრამ ხორცი საერთოდ გაქრა და ტალონებით იყიდებოდა. ამიტომ, როდესაც ფასი თავისუფალ რეჟიმში ყალიბდება, მეტი სტიმული აქვს მეწარმეს, რომ გაიტანოს პროდუქტი ბაზარზე და მოახდინოს რეალიზაცია, ანუ ფასის ზრდის კვალობაზე მეტი პროდუქტი მიაწოდოს ბაზარს. უნდა შევეჩვიოთ ახალ რეალობაში, ახალ ვითარებაში ცხოვრებას”, – აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

სტატისტიკოსის მოსაზრებას, რომ ცხოვრება გაძვირდება, სოციოლოგებიც იზიარებენ, თუმცა, არჩვაძისგან განსხვავებით, ისინი მიიჩნევენ, რომ სხვაობა ხარჯის ნაწილში არ იქნება დიდი. როგორც ექსპერტი სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, მცირე ცვლილებაც კი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას საგრძნობლად დაამძიმებს, რამდენადაც შემოსავლების ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია.

“სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ლარის გაცვლითი კურსი სხვადასხვა რამაა, რაც ხშირად ერთმანეთში ერევათ. როგორც წესი, ფასები ყოველთვის არ მისდევს ვალუტის კურსს, რადგან ამაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც გაფიქრებინებს, რომ გაძვირება მოსალოდნელია.

იანვრიდან ხარჯი გაიზრდება და ეს არის რეალობა. საკითხავია, რამდენად მიჰყვება მას შემოსავლებიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ უკეთესად იგრძნოს თავი. ის, თუ რამდენი ლარით გაძვირდება ცხოვრება საშუალოშემოსავლიანი ოჯახისთვის, ძნელად სათქმელია. ჩემი აზრით, ხარჯი მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

ინფლაციის მოლოდინია მაღალი და ეს არის ყველაზე ცუდი. ლარის კურსის გაუარესებამ დაარტყა ყველაზე მეტად მას, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი. მომავალი წლიდან ბანკებმა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ, რომ სესხები გასცენ ეროვნულ ვალუტაში, რაც მოსახლეობის მდგომარეობას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს”, – აცხადებს კაპანაძე.

წყარო: “რეზონანსი”

 

იტვირთბა....