„რეალობა კი ისაა, რომ გიგა ბოკერიას ფლანგი ყრილობის საბოტაჟს გეგმავს და ამიტომ არ ნიშნავს თავისი მხარიდან წევრებს პარიტეტულ კომისიაში“, – ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ანუ, გამოდის, რომ ბატონმა დავით ბაქრაძემ უბრალოდ იცრუა და საორგანიზაციო კომისიაში არის არა 6 წევრი, არამედ მაქსიმუმ 12. რეალობა კი ისაა, რომ გიგა ბოკერიას ფლანგი ყრილობის საბოტაჟს გეგმავს და ამიტომ არ ნიშნავს თავისი მხარიდან წევრებს პარიტეტულ კომისიაში, სადაც პოლიტსაბჭოს ყოველ 5 წევრს შეუძლია 1 წარმომადგენელი დანიშნოს. პოლიტსაბჭოში 60 წევრია.
ეს კომისია არის დაბალანსებული, რადგან არცერთ მხარეს არ ტოვებს თამაშგარე მდგომარეობაში.
დავით ბაქრაძემ ასევე იცრუა, როცა თქვა, რომ კომისია შეითავსებს პოლიტსაბჭოს ფუნქციებს. ცხადად წერია უკვე დამტკიცებულ წესებში, რომ პოლიტსაბჭოს ფუნქციებში არ შედის არც ყრილობის ტექნიკური მომზადება და არც დელეგატების რეგისტრაცია. ეს ფუნქცია ეკუთვნის ყრილობის საორგანიზაციო კომისიას.
იმ წესით თანახმად, რომელსაც ბაქრაძემ მხარი დაუჭირა, მაგრამ ჩავარდა, ყრილობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა ევალებოდა არა პოლიტსაბჭოს, არამედ პარტიის სამდივნოს, სადაც ყველა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ 6 ხმა 2-ის წინააღმდეგ თანაფარდობით ბოკერიას ფლანგის სასარგებლოდ. ბატონი დავითისთვის ეს მოდელი იყო მისაღები. გასაგებია! მაგრამ ის, რომ ეს ვარიანტი ჩავარდა, არ ნიშნავს, რომ დამტკიცებულ, დაბალანსებულ მოდელს საბოტაჟი გამოუცხადო და ხელი შეუშალო ყრილობის მზადებას!
ყრილობა არ გადაიდება და ჩატარდება 20 იანვარს!”- წერს თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას ამიტომ არ დააყენებს.
დათო ბაქრაძის ინტერვიუში გაჟღერებულ განცხადებებს ენმ-ს წევრთა ნაწილმა სიცრუე უწოდა.
ენმ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა დაასახელონ. პარტიაში ამან განხეთქილება გამოიწვია, რადგან ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილი ლიდერია, მაგრამ თავმჯდომარის პოსტი საქართველოში მყოფმა წევრმა უნდა დაიკავოს.