„მეტრონომის“ სპეციალური რეპორტაჟი დეზერტირების ბაზრიდან
ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ საახალწლო სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. ასეა თუ ისე, ყველა ოჯახი ცდილობს, რომ ამ დღეს მომზადებული შეხვდეს და საახალწლო სუფრა ტრადიუციული კერძებით გააწყოს. თბილისის ცენტრში მდებარე „დეზერტირების“ ბაზარში კი ხალხმრავლობა არ შეინიშნება. მოვაჭრეები სწორედ ამით არიან უკმაყოფილო. „ისინი ჩაწერე, ისინი, ჰკითხე, რატომ არ მოდიან საყიდლად“- მეუბნება ერთ-ერთი მოვაჭრე და ერთ-ორ მყიდველზე მითითებს.
„ფასებმა ცოტა მოიმატა, თუმცა კატასტროფულად არა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მყიდველი არ გვყავს, ახალი წლის დღეებს ისევ ჩვეულებრივი დღე მირჩევნია, იმიტომ, რომ ცოტ-ცოტას ყიდულობენ. არც მაშინ არის ბევრი მყიდველი“ – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „მეტრონომთან“, რომელიც ჯონჯოლზე მითითებს და აღნიშნავს, რომ ხარისხების სხვაობის მიხედვით ფასები ყოველთვის ასე იყო, ზოგი ოდნავ ძვირი ღირს, ზოგი კი იაფი. „გააჩნია მყიდველის გემოვნებას, მაგრამ ეგეც რომ არ არის?“ – ამატებს შეწუხებული.
კლიენტები კი რომლებსაც, როგორც ჩანს, ჯერ საახალწლო სუფრისთვის პროდუქტების აქტიურად შეძენა არ დაუწყიათ, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და დოლარის მომატებაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ საახალწლო სუფრა მისთვის მოკრძალებულად, გოჭისა და ინდაურის გარეშე ჩაივლის, რადგან ფასები საკმაოდ დიდია და ამხელა ხარჯს ვერ გაიღებს.
საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარ კერძის, საცივის მთავარ ინგრედიენტს, ინდაურს, დეზერტირების ბაზარში ჯერ ვერ მიაგნებთ, მოვაჭრეები ამბობენ, რომ 25 დეკემბრიდან შემოიტანენ. „ინდაურივით არ არის ეს ქათამი? ეს წაიღე“ – მეუბნება ერთ-ერთი მოვაჭრე და გვარიანად ჩაპუტკუნებულ დედალს მაჩვენებს, როცა იგებს, რომ ჟურნალისტი ვარ, უკან დებს და ამბობს, რომ ჟურნალისტებზე გაბრაზებულია: „არ გადაიღო, მაგათ გამოაცხადეს, რომ ქათმის ჭამა წელს არ შეიძლება, მამლის წელიაო, რას არ მოიგონებენ“ – ამბობს გაბრაზებული და ადგილის დატოვებას მთხოვს. რაც შეეხება ინდაურის ფასს, მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასი 50 ლარიდან დაიწყება და დაახლოებით 70 ლარს მიაღწევს.
„ღორის ხორცი, ჩალაღაჯი 12 ლარი ღირს. სავარაუდოდ, პერიოდულად ხორცის ფასი კიდევ მოიმატებს. ახალ წლამდე შეიძლება ბევრი არაფერი, მაგრამ ახალი წლის შემდეგ ხორცის ფასი უფრო გაიზრდება, იმიტომ, რომ ჭირს საქონლის ხორცის შოვნა. ზოგადად, ქართული პროდუქცია მოიმატებს. ღორის ხორცი გადის ირანში, საზღვარგარეთ და საქართველოში ვეღარ ვშოულობთ. უჩვეულოდ ძვირია, რადგან გააქვთ, ჩვენ ვერ ვშოულობთ. ალბათ დაახლოებით 13-14 ლარი გახდება კილოგრამი“- ამბობს „მეტრონომთან“ თბილისის ცენტრში მდებარე „დეზერტირების“ ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე.
რაც შეეხება ნიგოზს, „ფასები 23-დან იწყება, ეს კარგი თეთრი ნიგოზია, ფასიც მაღალი აქვს – 28 ლარი. ის ოდნავ ყავისფერია, იმის ფასიც განსხვავდება“ – მიხსნის ნიგოზით მოვაჭრე მამაკაცი და მეუბნება, რომ ხარისხების მიხედვით ფასები 23-დან 35-მდე მერყეობს. თაფლის ფასი კი 14- ლარიდან იწყება.
ახალი წლის მთავარი გმირი „გოჭია“, რომლის ფასიც 120 ლარიდან იწყება, „გააჩნია რამდენია წონა“, ამბობს გამყიდველი.
წელს, ეროვნული ვალუტის კურსის ხშირ ცვლილებასთან ერთად მოსახლეობის უმრავლესობა საახალწლო სუფრის ძალიან გადატვირთვას არ გეგმავს. მიუხედავად იმისა, თუ რა თანხას დახარჯავს მომხმარებელი საახალწლო სამზადისისთვის, ბაზარზე არსებული პროდუქტის ფასების შესახებ ინფორმაცია ყველას აინტერესებს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია ფასები:
კალმახის ფასი 12 ლარიდან იწყება, ზუთხი 20, ქათამი 1 კგ 6 ლარი ღირს, ნიგოზი 28 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს. ნიგოზის ყიდვა 23 ლარადაცაა შესაძლებელი, თუმცა როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ეს შედარებით დაბალხარისხიანია. თხილი 1 კგ 20 ლარი ღირს. იმერული ყველი კილო 8.50, სულგუნი კი 12 ლარი. შებოლილი სუნგუნის ფასი 13 ლარია. ღორის თავი 1 კგ 8 ლარი, სამწვადე ღორის ხორცი კი 11 ლარი ღირს. ნიორი 10 ლარი ღირს.
ხილს რაც შეეხება, ქართული ფორთოხალი 2 ლარი, ჩამოტანილი კი 3 ლარი ღირს. მანდარინის ფასი 2.5 ლარია, კარალიოკის ჩირის ფასი 8 ლარია, ხოლო ლეღვის – 10 ლარი.
მოვაჭრეები ფასების ზრდას ახალი წლის წინა დღეებში ვარაუდობენ, „სულ ასე ხდება, რა თქმა უნდა, ახალი წლის წინა დღეებში ფასი მოიმატებს. რაც ცოტაა ბაზარში იმაზე განსაკუთრებით. თუმცა ფასები ძალიან არ გაიზრდება, ალბათ 3-დან 5 ლარამდე. ახალი წლის შემდეგ უფრო მოსალოდნელია გაძვირება“- ამბობენ „მეტრონომთან“ მოვაჭრეები.
ბაზარის ფასებით თუ ვიანგარიშებთ, საშუალოდ გაწყობილი სუფრა, 400-500 ლარი, ან მეტი დაჯდება. ხოლო იმ მცირერიცხოვან ოჯახს, რომელსაც სუფრის ძალიან გადატვირთვა არ სურს და საახალწლო სუფრას კერძების შემდეგი კომბინაციით გააწყობს: ღორის მწვადი, ინდაურის საცივი, თევზი, ყველის ასორტი, გოზინაყი, ხილი, მხალეული, ჩურჩხელა, ერთი ბოთლი შამპანური, ჩვენი დაანგარიშების მიხედვით, დაახლოებით 200 ლარის დახარჯვა მოუწევს.
ნინო ცხადაია