ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამთავრებს არსებობას“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამთავრებს არსებობას, – ამის შესახებ პარტიის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით, ის თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა.

”ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)“, – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

რაც შეეხება გივი თარგამაძის სტატუსს სოციალურ ქსელში, იგი წერს, რომ პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი შეკრების ჩატარების საკითხი დააყენეს, რაზეც უარი მიიღეს.

„შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“, – წერს გივი თარგამაძე პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

 

 

იტვირთბა....