„ელექტროენერგიის ტარიფზე ფასების მატება არ იგეგმება“, – ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ გააკეთა:
„ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენ ე.წ. ექსპერტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ტარიფები გაიზრდება და ა.შ. ტარიფებს მარეგულირებელი კომისია ადგენს და მათ გუშინ, გააკეთეს განცხადება. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება.
გუშინ განიხილეს თბოსადგურების ტარიფები, გარკვეული მიმართულებით მოხდა მატება თბოსადგურებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფები გაიხრდება, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქე ელექროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს.
თუ იქნება იმის აუცილებლობა კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც განცხადებას გააკეთებს. დღეს ამის აუცილებლობა არ არის და ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ აბსურდული და არასერიოზული განცხადებებისგან“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას 1.8-2 თეთრით ვარაუდობენ.