ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დაკავებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი, ხოლო ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათ ბრალი ედებათ თვალთმაქცური გარიგების გზით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდება, კერძოდ:
გამოძიებით დადგენლია, რომ საქართველოში მოქმედ და ავტორიზებულ აფთიაქებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის მოთხოვნის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“- ს მიერ ხორციელდება აფთიაქის დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად აგრძელებდნენ მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის გარეშე რეალიზაციას მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
დადგენილია, რომ სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“-ს მიერ დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქების ხელმძღვანელი პირები არ იხდიდნენ დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას და უკვე არსებული საჯარიმო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მათთან დაკავშირებული ცალკეული პირების სახელზე, უმეტეს შემთხვევაში იმავე სავაჭრო ობიექტზე არეგისტრირებდნენ ახალ შპს-ებს, რომელთა სახელზედაც თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, გადაჰქონდათ დაჯარიმებული აფთიაქების ქონება და სასაქონლო მარაგები. შესაბამისად, დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები ჯარიმის გადახდის გარეშე, ახალი შპს-ების სახელით, მასშტაბურად აგრძელებდნენ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვას, იგივე თანამშრომლებითა და აქტივით, იმავე მისამართებზე.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა სხვადასხვა პირის სახელზე რეგისტრირებული 53 ავტორიზებული აფთიაქების გამოყენებით, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით, თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდას, ხოლო მათ მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დადების გზით, გადამალული ქონების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4 639 234 ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის IV ნაწილით და II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რათა გამოვლენილ იქნას სხვა ორაგანიზებული ჯგუფები და აღიკვეთოს მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.