აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

სოციალურად დაუცველთა საყურადღებოდ: რის მიხედვით ენიშნება ან უწყდება პირს დახმარება

სოციალურად დაუცველთა შემწეობის საკითხი საქართველოში არჩევნებიდან არჩევნებამდე აქტუალობას არ კარგავს. ოპოზიცია ხელისუფლებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს,  ხშირად კი, შემწეობების გაცემის კორუფციულ სქემასაც ხატავს, რომლის მიხედვითაც, რიგი პირების მიმართ სოციალური დახმარების გაცემა დაუსაბუთებლად წყდება.

რა ხდება ამ სფეროში და რის მიხედვით ანიჭებს, ან უხსნის სახელმწიფო ადამიანს სოციალურად დაუცველის სტატუსს.  „მეტრონომს“  შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი,  თათია გვარამაძე ესაუბრა.

„მეტრონომი“: რის მიხედვით ენიჭებათ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისად, შემწეობა? 

თათია გვარამაძე: მოსახლეობის კეთილდღეობის დონის შეფასების არაპირდაპირი მეთოდი, ანუ ქულების მინიჭების სისტემა 2005 წლიდან დაინერგა. ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია ბოლოს 2015 წელს შეიცვალა. ეს გაეროს ბავშთა ფონდის უშუალო მონაწილეობით მოხდა და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენც ჩართულები ვიყავით. ახალ მეთოდოლოგიაში ძირითადი რაც გაკეთდა არის ის, რომ ხანგრძლივი მოხმარების საგნები, მაგალითად, ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ. ფორმულიდან ამოღებულ იქნა. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო სოციალური აგენტის შეფასებას. აქამდე აგენტს შეეძლო სუბიექტურად განესაზღვრა  სჭირდებოდა თუ არა კონკრეტულ ოჯახს სოციალური დამხარება. ეს სუბიექტური ფაქტორიც ამოღებულ იქნა. დღევანდელი  მდგომარეობით ფორმულა ეფუძნება შემოსავლის მომტან ქონებას, ოჯახის წევრების მდგომარეობას (სპეციალური სტატუსი: არის თუ არა ის პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობების პირი, არასრულწლოვანი, მარტოხელა დედა და ა.შ.) გათვალისწინებულია არა მხოლოდ ოჯახის შემოსავლები, ან შემოსავლის მომტანი ქონება, არამედ გადასახადები, ხარჯები, ოჯახის წევრების საჭიროებები და სხვა. ამ ყველაფრის ერთობლიობით ფასდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. ახალი მეთოდოლოგიით სისტემა დიფერენცირებულია: ვინც უფრო ღარიბია, ის მეტ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან.

უფრო კონკრეტულად, ქულების მინიჭება  ხდება შემდეგნაირად: სოციალური აგენტი მიდის ოჯახში, სპეციალურ დეკლარაციას ავსებს, რომელიც შეაქვს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში, პროგრამა კი  თავად ითვლის ქულას. მეთოდოლოგია მთავრობის დადგენილებით არის დამტკიცებული.

ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის ბრალდება, რომ შემწეობა მრავალ სოციალურად დაუცველს მოეხსნა. ამავდროულად აცხადებთ, რომ კრიტერიუმი შეიცვალა, (მაცივარი, ტელევიზორი ქულებით აღარ ფასდება) რომლის მიხედვითაც  ალბათ, უფრო უნდა გაზრდილიყო სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. რატომ ვრცელდება ინფორმაცია შემწეობების შეწყვეტის შესახებ? 

– საარსებო შემწეობის მიღება-არმიღების საკითხი ძალიან დინამიური პროცესია. მონაცემთა ბაზაში ხდება ოჯახების შედინება და გამოდინება. არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ამ ოჯახებმა უნდა შეასრულონ. მაგალითად, თუ ოჯახის რომელიმე წევრი საზღვარს გადაკვეთს, ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა აცნობოს. ასევე სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს თუ ოჯახის წევრი გარდაიცვალა, ან მისამართი შეიცვალა და ა.შ. ამ შემთხვევაში ოჯახის ხელახალი შეფასება ხორციელდება. როცა ამბობთ რომ დინამიკა უნდა გაზრდილიყო – რასთან მიმართებაში? ამ ეტაპისთვის ხუთასი ათასამდე პირი იღებს შემწეობას. გააჩნია რომელი თვეებია შესადარებელი. ის, რომ ოჯახები იცვლებიან, ახალი ოჯახები იპოვებენ დახმარებას და სხვები კარგავენ, იმიტომ, რომ მაგალითად,  შემოსავალი გაეზარდათ, ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზიდან ოცდაათი ათასი ოჯახი ამოვარდა, როგორც ამბობენ ხოლმე. შესაძლებელია იმ ოცდაათი ათასი ოჯახიდან არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ოჯახში არიან რეგისტრირებულები და მათ ამ კონკრეტულ ოჯახებში დაკარგეს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, თორემ სხვა ოჯახებში ისინი დღესაც მიმღებები არიან.  ამიტომ, ცალსახად და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ რაღაც რაოდენობა ოჯახები იღებს შემწეობას, ან კარგავს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე არის სტატიტიკა, სადაც ყოველთვიურად იდება ინფორმაცია ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების  შესახებ და ასევე, როგორია მათი ასაკობრივ თუ რეგიონალურ ჭრილში განაწილება.

– რამდენად გამჭვირვალეა სააგენტოს მუშაობა? მაგალითად, თუ ოჯახი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ მოუმატეს ქულები, ან შეცდომა მოხდა, თუ შეუძლია მიიღოს პასუხები, რატომ ვერ დაუმტკიცდა  შემწეობა ?

– ყველა ცვლადს თავისი წონა აქვს, ამიტომ სააგენტოს გაუჭირდება იმის თქმა, მაღალ ქულაზე გავლენა რამ მოახდინა. რაც შეეხება გამჭვირვალობას, სააგენტოს ყველა მუნიციპალიტეტში თავისი რაიონული სამსახური აქვს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია გაასაჩივროს მინიჭებული ქულა, ადგილობრივ დონეზე მოითხოვოს ამაზე განმარტება და საჩივრით მიმართოს ადმინისტრაციულ კომისიას. პროცესი საკმაოდ გამჭვირვალეა, რადგან დაინტერესებულ პირს შეუძლია არ დაეთანხმოს მინიჭებულ ქულას.

– რამდენად დაცულია სააგენტო, რომ ვინმეს მიერ სოციალური შემწეობების დანიშვნა უსაფუძვლოდ არ მოხდეს?

– რა თქმა უნდა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ნებისმიერი ფორმულა  უშვებს,  რომ შესაძლებელია შემწეობას იღებდეს ის, ვისაც არ ეკუთვნის, ან არ იღებდეს ის, ვისაც ეკუთვნის. არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც ზედმიწევნით განსაზღვრავს ყველა ტიპის ოჯახის ყველა საჭიროებას. ამიტომ არსებობს სპეციალური მონიტორინგის სისტემა, რომელიც ამოწმებს ასეთი ტიპის შეცდომებს, თუკი ამის შესახებ გაცხადებული იქნება. ბაზაში ყველა ოჯახზეა ინფორმაცია. თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ მის მეზობელს არ ეკუთვნის და არასწორად აქვს სოციალური დახმარება დანიშნული (ან პირიქით, ეკუთვნის და არ იღებს), ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა აცნობოს  და ის აუცილებლად გამოიკვლევს ამ ფაქტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მონიტორინგის სისტემა, რომ შეცდომები მაქსიმალურად შემცირებული იყოს.

–  რამდენი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში?

– ნოემბრის ბოლო მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები არის ოთხას ოთხმოცდახუთი ათასი ადამიანი, რომლებიც უკვე იღებენ ფულად დახმარებას.

– ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმ სამგზავრო ბარათების ტოტალური გაუქმების შესახებ, რომელსაც მერია სოციალურად დაუცველებს უნიშნავდა. მერიაში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ ბარათები უქმდება მაშინ, როცა სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზიდან პირს ამოიღებენ. 

– სამგზავრო ბარათები ცალსახად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. ჩვენ არ ვიცით, ვის რატომ გაუუქმდა ეს ბარათები. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაზე ძალიან ბევრი ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამაა მიბმული და ყველას ინდივიდუალური მიდომა აქვს. ყოველი შემთხვევისთვის, მერიისთვის ჩვენი ბაზა ხელმისაწვდომია და ხედავენ ვის რამდენი ქულა აქვს, ვის მოემატა, ვის დააკლდა და ა.შ.

– ინფორმაცია, რომ თუ სოციალურად დაუცველი პირი აგენტს სახლში, სამჯერ მისვლის შემთხვევაში,  არ დახვდა, მას შემწეობა უწყდება,  რამდენად  სწორია?

– არსებობს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმი. როდესაც სოციალური აგენტი მიდის გადასამოწმებლად (სხვადასხვა საფუძვლებიდან გამომდინარე: ოთხწლიანი ვადის გასვლა, ან ნებისმიერი ახალი გარემოება), პირი თუ სახლში არ დახვდა სამჯერ, რაც დასტურდება სპეციალური დოკუმენტაციით (მეზობლების ხელმოწერა და ა.შ) , სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია უწყდება. იმიტომ, რომ ბევრი შემთხვევაა, როცა სოციალური დახმარების მიმღები ოჯახი ერთ მისამართზეა რეგისტრირებული, იღებს დახმარებას და, გარკვეული პერიოდის მერე, მისამართს სოციალური სააგნეტოს გაფრთხილების გარეშე იცვლის. როცა აგენტი მიდის სამჯერ სახლში და მას პირი არ ხვდება, ბუნებრივია შეუწყდება დახმარება, სანამ ეს პირი ხელახლა არ მიმართავს სოციალური მომსახურების სააგნეტოს ახალ მისამართზე შესამოწმებლად. ოჯახებს აქვთ ვალდებულება სრული ინფორმაცია მიაწოდონ სახელმწიფოს მათთან მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებაზე.

– არსებობს თუ არა ზუსტი სქემა, რომლის მიხედვითაც შეიძლება ოჯახს ქულა მიენიჭოს?

– არა, რადგან, მაგალითისთვის, ოცდაათი ათასი ქულა ერთმა ოჯახმა შეიძლება მოიპოვოს, როცა ჰყავს ერთი შრომისუნარიანი პირი, ორი არასრულწლოვანი და აქვს  ერთი ოთახი და   ელექტროენერგიის ნულოვანი გადასახადი, მაშინ, როცა მეორე ოჯახმა  შესაძლოა ეს ქულა მიიღოს მაშინ, როცა აქვს   ორი ოთახი, ელექტოენერგიიის გადასახადი ათი ლარი და ჰყავს ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი… ოცდაათი ათასი ქულის ქვემოთ მყოფი ოჯახები ერთმანეთს რომ შეადაროთ,  სრულიად განსხვავებულია მათი წევრთა რაოდენობა,  სტატუსები, ქულები და ა.შ. კეთილდღეობის ინდექსი რითიც გამოითვლება, საკმაოდ რთული ფორმულაა, სადაც გათვალისწინებულია  სასოფლო-სამეურნეო, დემოგრაფიული,  განათლების თუ შემოსავლის ინდექსები. წინასწარ ვერავინ იტყვის რამდენი ქულა გამოუვა ოჯახს. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, ორწევრიანი ოჯახია, ორივე პენსიონერია, არავინ დამხმარე არ ჰყავთ, ცოტა მიწა აქვთ და ორი ქათამი ჰყავთ, სავარაუდოდ რამდენი ქულა გამოუვათო. ასე წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, რადგან ეს ყველაფერი რთული ფორმულის მეშვეობით დგინდება.

 

რედაქციისგან:

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით: საარსებო   შემწეობის   მიღების   უფლება   აქვს   ოჯახს,   რომელიც რეგისტრირებულია   სოციალურად   დაუცველი   ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე .

საარსებო   შემწეობის   ოდენობა   ერთსულიანი   ოჯახისათვის   არის   60 (სამოცი) ლარი;  ორ  და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ერთსულიანი ოჯახისათვის  დადგენილი   საარსებო შემწეობის  ოდენობას  მეორე  და   ოჯახის   ყოველ   მომდევნო   თითოეულ  წევრზე ემატება 48  ლარი;

საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება:

ოჯახი,   რომლის   სარეიტინგო   ქულაც   30001 – ზე   ნაკლებია   –განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა  წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა  წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა   განისაზღვრება  10 ლარით ოჯახის   თითოეულ   16   წლამდე   ასაკის წევრზე.

ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი   წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში   სოციალური   მომსახურების   სააგენტოს   უფლებამოსილი პირის   დახმარებით.  ოჯახის   დეკლარაციაში   ფიქსირდება   ოჯახის   მახასიათებლების   ყველა   ის მნიშვნელობა,   რომლებიც   გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.

კითხვარი მოიცავს სრული ინფორმაციის მიწოდებას ოჯახის წევრების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების, უძრავი/მოძრავი ქონების და სხვა დეტალების შესახებ.

მანა ნოდია

capture1capture2capture4capture3

 

 

იტვირთბა....